ლაშა კომახიძე - რივიერას ცათამბჯენებისა და კარბამიდის ტერმინალზე პასუხები მალე მექნება

04 მარტი 2019, 00:00 2180 ნახვა

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ირწმუნება, რომ ქალაქში, ბოლო პერიოდში მოქალაქეების პროტესტის მიზეზად ქცეულ საკითხებზე - რივიერას ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობის, კა 2 კოეფიციენტის (დაშვებულზე მაღალი შენობის აგების უფლება, ავტ.) და ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხები რამდენიმე დღეში ექნება. 

ამბობს, რომ მერია ინტენსიურად მუშაობს ამ საკითხებზე. ამ ეტაპზე თვითმმართველობაში დოკუმენტაციას სწავლობენ, მერი სხვა დეტალებს არ ასაჯაროებს.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ დაინტერესებული მხარეები ინფორმაციას მალე აუცილებლად მიიღებენ.  ''ერთია რა არის მოთხოვნა, მაგრამ მეორეა ის, რომ ყველაფერს საფუძვლად უნდა დაედოს, რა თქმა უნდა დოკუმენტაცია, ასევე შესაბამისი პროცედურები. რამდენიმე დღეში ყველა შეკითხვაზე პასუხი მექნება. შევძლებ ყველა დაინტერესებულ მხარეს პასუხი გავცე, როგორც რივიერას მშენებლობასთან დაკავშირებით, ასევე ზოგადად მაღლივი, K2-ი კოეფიციენტის მშენებლობებთან და ტერმინალთან დაკავშირებითაც. დიდი პატივს ვცემ ყველას მოსაზრებას, ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველას ჩართულობას ამ საკითხში, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დავასრულებთ დოკუმენტაციასთან მუშაობას, შესაბამის პროცედურას და შემდეგ იქნება ამ კითხვებზე პასუხები" - განაცხადა ლაშ აკომახიძემ.

ბათუმის მერის თქმით, ორი დღის წინ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან სარეკომენდაციო წერილი მიიღეს. ლაშა კომახიძე ამბობს, რომ დოკუმენტს გაეცნო და შესაბამისი შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას გაახმოვანებს. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში