საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შსს-ს დაქვემდებარებაში გადადის

03 ოქტომბერი 2018, 00:00 2199 ნახვა

2019 წლის 1 იანვრიდან  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით გადადის. სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მიზანი სისტემური განახლების და „მცირე მთავრობის“ კონცეფციის ფარგლებში მოქნილი, ოპერატიული და ეფექტიანი სამთავრობო ინსტიტუტების ჩამოყალიბებაა.

2019 წლის 1 იანვრიდან პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შსს-ს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად ყალიბდება და ანგარიშვალდებული იქნება პრემიერ-მინისტრის, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე.

უცვლელი რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრუქტურა. ცვლილება შედის „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონსა და მის თანმდევ 36 კანონში.

საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის შალვა ხუციშვილის თქმით, უწყებაში თანამშრომლების მასშტაბური შემცირება არ იგეგმება, თუმცა იქნება ეფექტი ხარჯების დაზოგვის კუთხით.

საკანონმდებლო ცვლილებებს მთავრობის შუამდგომლობის შემდეგ პარლამენტი განიხილავს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი