შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები უკვე გამოქვეყნდა. ცვლილების მიხედვით დანაშაულის დაფარვა-შეუტყობინებლობისთვის, ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და ცრუ ჩვენებისთვის სასჯელი გამკაცრდა.
დღეს მოქმედი კანონით, ყველა კატეგორიის დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობისთვის ერთი და იგივე სანქცია არის გათვალისწინებული, რაც, როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას არაეფექტიანს ხდის.
მოქმედი რედაქციის მიხედვით, როგორც ნაკლებად მძიმე, ასევე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულია, მიღებული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, კი ერთმანეთისგან იმიჯნება და მათი სოციალური საშიშროების მიხედვით, შესაბამისი სანქციები წესდება.
დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობისთვის ბოლო 6 თვის განმავლობაში 24 პირი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, რაც, შსს-ს ცნობით უტოლდება 2017 წლის მთლიან მონაცემს.