ჩვენს ქვეყანაში იყო რევოლუციის ორგანიზების ოთხი ჩავარდნილი მცდელობა, იკვეთებოდა უცხოური დაფინანსება - პრემიერი

23 იანვარი 2025, 14:10 126 ნახვა

სამი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში იყო რევოლუციის ორგანიზების ოთხი ჩავარდნილი მცდელობა. ოთხივე შემთხვევაში იკვეთებოდა უცხოური დაფინანსება, მათ შორის ამერიკული. რა თქმა უნდა, ამის გადახედვა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ  ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

ჟურნალისტმა კობახიძეს კითხვა დაუსვა დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ს საგარეო დახმარების ყველა პროგრამის 90 დღით შეჩერებასთან დაკავშირებით.

„თქვენ ნახეთ, რომ სამი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში იყო რევოლუციის ორგანიზების ოთხი ჩავარდნილი მცდელობა. ოთხივე შემთხვევაში იკვეთებოდა უცხოური დაფინანსება, მათ შორის ამერიკული. რა თქმა უნდა, ამის გადახედვა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი.

თქვენ გახსოვთ ასევე დისკუსია გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო. მაშინ ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ერთმანეთისგან არ ვარჩევდით მაგალითად რუსეთს და დასავლეთს. ჩვენ ვამბობდით მარტივ რამეს – მნიშვნელობა არ აქვს ვინ საიდან უპირისპირდებიან ქვეყნის ინტერესებს. თუ ამერიკული ფული გამოიყენება ქვეყანაში არასწორი პროცესების წარსამართად, რა თქმა უნდა, აქაც უნდა დაიცვას ქვეყანამ საკუთარი ეროვნული ინტერესები, ისევე, როგორც რუსეთიდან რომ ხდებოდეს იგივე რამ. არავითარი განსხვავება არ არის, ქვეყანას აქვს სუვერენიტეტი და სუვერენიტეტი უნდა იყოს ყველასთან მიმართებით დაცული. ეს ძალიან კარგად წარმოაჩინა პრეზიდენტ ტრამპის შესაბამისმა გადაწყვეტილებამ. გამოჩნდა პირდაპირ, რომ ამერიკული თანხები ხშირ შემთხვევაში გამოიყენებოდა არასწორი პროცესების დასაფინანსებლად, კონკრეტული ქვეყნების სუვერენიტეტის შესარყევად. რასაც ჩვენ ვამბობდით და რაზეც გვაკრიტიკებდნენ, რომ ერთ სიბრტყეზე ვაყენებდით მაგალითად რუსეთს და ამერიკას, ჩვენი მსჯელობის სისწორე დაადასტურა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის და პირადად პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, საქართველოს მთავრობა მზად არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონკრეტული გზამკვლევით, კონკრეტული ინდიკატორებით, კონკრეტული სამიზნე მაჩვენებლებით განაახლოს სტრატეგიული პარტნიორობა.

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს რობერტ ფიცოს განცხადებაზეც, რომ სლოვაკეთის ტერიტორიაზე არის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მონაწილეობდა საქართველოს მოვლენებში, ასევე უკრაინის მაიდანში და ის ამზადებს გადატრიალებას სლოვაკეთში.

„დეტალები არ ვიცი, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური. ერთი ხელიდან არის კოორდინირებული ასეთი ტიპის პროცესები სხვადასხვა ქვეყანაში. ხშირად ვციტირებდი ხოლმე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს კონკრეტულ ვიდეომიმართვას, სადაც ის აღწერს სლოვაკეთში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის ლიბერალური ფაშიზმის განვრცობას სლოვაკეთის ტერიტორიაზე. რასაც ის აღწერს, თავის 10-წუთიან მიმართვაში, არის აბსოლუტურად იდენტური იმისა, რაც საქართველოში ხდება, შესაბამისად, ასეთი პირდაპირი კოორდინაცია არათუ ვერ გამოირიცხება, არამედ არის აბსოლუტურად ლოგიკური. ეჭვს ვერ შევიტანდი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, შესაბამისმა ძალებმა ჯერ კეზერაშვილს მოაპარვინეს ფული ჩვენი ჯარის, ბიზნესის, შემდეგ ევროპელი პენსიონერების ხარჯზე, ამ მოპარულ ფულს კი ახარჯვინებენ პოლიტიკური მიზნებისათვის, იგივე ხელწერა იკვეთება ბაჩიაშვილის შემთხვევაშიც.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დანაშაულის დეტალებზე უნდა იმსჯელოს შესაბამისმა უწყებამ.

„შესაბამისი ძალები უზრუნველყოფენ იმას, რომ კონკრეტულმა ადამიანმა ჩაიდინოს დანაშაული, წაიღოს თანხები ამ დანაშაულის შედეგად და შემდეგ ახარჯვინებენ ამ თანხებს პოლიტიკური მიზნებისთვის. თავად დანაშაულის დეტალებზე უნდა იმსჯელოს შესაბამისმა უწყებამ, სასამართლო ხელისუფლებამ, მაგრამ ზოგადად ხელწერა არის აბსოლუტურად ნათელი და გამოკვეთილი. ასეთი ხელწერით მოქმედებენ ისინი სხვა შემთხვევებშიც. თქვენ იცით, რომ იგივე კეზერაშვილის შემთხვევა, როდესაც მას მოაპარვინეს ჯერ ფული ჩვენი ჯარის ხარჯზე, ბიზნესის ხარჯზე, შემდეგ ევროპელი პენსიონერების ხარჯზე, შემდეგ უკვე ამ მოპარულ ფულს ახარჯვინებენ პოლიტიკური მიზნებისათვის, ზუსტად იგივე ხელწერა იკვეთება ბაჩიაშვილის შემთხვევაშიც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი