სანქციები გამოიყენებოდა როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი ქვეყნის წინააღმდეგ - ირაკლი კობახიძე

24 იანვარი 2025, 12:52 131 ნახვა

სანქციები გამოიყენებოდა როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი ქვეყნის წინააღმდეგ, ინტერესი იყო ერთადერთი - ქვეყნის ომში ჩართვა, - განაცხადა ჟურნალისტებთან ზესტაფონში მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამ შანტაჟს ვერავითარ შემთხვევაში ვერ ექნება ეფექტი.

„ჩვენთვის ნაკლებად არის ეს საკითხი საინტერესო. სანქციები გამოიყენებოდა როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი, ქვეყნის წინააღმდეგ. ინტერესი იყო ერთადერთი - ქვეყნის ომში ჩართვა, თუმცა არც ერთ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან არ იქნება დაშვებული ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც გულისხმობს ქვეყნის განადგურებას. შესაბამისად, ამ შანტაჟს ვერავითარ შემთხვევაში ვერ ექნება ეფექტი“, - განაცხადა პრემიერმა. 

ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლება რჩება იმ ვალდებულებების ერთგული, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ევროინტეგრაციასთან. 

„მიუხედავად იმისა, რომ არის სირთულეები ურთიერთობებში, ჩვენ განვაგრძობთ თანამშრომლობას ევროკავშირთან და ამის მორიგი გამოხატულებაა ის, რომ ჩვენ ყველა ვალდებულებას ვასრულებთ და მათ შორის ჩვენი ერთ-ერთი ვალდებულება გახლდათ შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა ევროკომისიისთვის. ეს არის ეკონომიკური რეფორმების გეგმა, ეს მოიცავს სამ წელიწადს – 2025-2026-2027 წლებისთვის არის გაწერილი ეს გეგმა, აქ საუბარია მაკროეკონომიკურ, ფისკალურ საკითხებზე. ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენი მკაფიო ხედვა წარვუდგინეთ ევროკომისიას. ჩვენ ბუნებრივია, ვრჩებით იმ ვალდებულებების ერთგული, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ევროინტეგრაციასთან“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში