ვინ მოიპოვებს ბათუმის სანაპიროზე ქაფშიას? ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალური ბოლო რამდენიმე დღეა გახდა, მას შემდეგ, რაც შავი ზღვის აკვატორიაში, კონკრეტულად კი ბათუმის სანაპიროსთან თევზმჭერი სეინერები გამოჩდნენ.
თევზჭერის ლიცენზია საქართველოში რეგისტრირებულ 5 კომპანიას აქვს.
ლიცენზიატებს ლიცენზიით სარგებლობის უფლება 2016 წელს ამოეწურათ, თუმცა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, მათ ვადა კიდევ ათი წლით გაუგრძელა.
ხუთ კომპანიაზე, სულ 9 სალიცენზიო პაკეტია გაცემული.
შავი ზღვის აკვატორიაში, თევზჭერას ქართული კომპანიების მიერ დაქირავებული 22 თურქული სეინერი აწარმოებს. ყველა მათგანზე ლიცენზიანტების წარმომადგენლები იმყოფებიან.
ქაფშიის სარეწაო სეზონი ნოემბერში იწყება და აპრილის ბოლოს სრულდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ ქაფშიის დაჭერისთვის განსაზღვრული კვოტა ფაქტიურად ამოწურულია. თევზის 90%-ზე მეტი დაჭერილია. ამიტომ სეინერები ბათუმს სავარაუდოდ 4 დღეში დატოვებენ.
არჩილ გუჩმანიძის თქმით, წელს განსაზღვრული იყო 75 ათასი ტონა ქაფშიის დაჭერა. კვოტა მალე ამოიწურება, შესაბამისად წელს სეზონი უფრო ადრე დასრულდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის ინფორმაციით, სეინერები ფოთიდან წამოვიდნენ. დარჩენილი კვოტას ბათუმში აითვისებენ. პორტში შესაბამის დოკუმენტაციას გააფორმებენ და დაჭერილ თევზს თურქეთში ექსპორტზე გაიტანენ.
ბაზარზე ქაფშიის ფასი 3 ლარია. თუმცა არის დღეები როცა მისი ღირებულება იმატებს. გუშინ თევზის ბაზარში ქაფშია გასაყიდად არ ჰქონდათ.