ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორთან, მედიის წარმომადგენლები აქციას მართავენ.
შეკრებილები „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ.
შეგახსენებთ, „ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
პროკურატურამ მზია ამაღლობელს ბრალი 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 14 იანვარს, 11:00 საათზე გაიმართება. მოსამართლე მისთვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.