სახალხო დამცველი ე.წ. „ციანიდის საქმის“ მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს. უჩა ნანუასვილის შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სასამართლო სხდომები არსებითი საპროცესო ხარვეზების გარეშე წარმართა, შეუძლებელი გახდა გამოძიების პროცესში დაშვებული დარღვევების გამოსწორება, რამაც გადამწყვეტი გავლენა მოახდინა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. ომბუსდმენი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად აფასებს სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენელთა მიერ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, რამაც მსი თქმით, ხელი შეუწყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე ბევრად ადრე, შექმნილიყო საზოგადოებრივი განწყობა გიორგი მამალაძის დამნაშავეობასთან დაკავშირებით.
დაცვის მხარე არათანაბარ პირობებში ჩააყენა ადვოკატებისათვის გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრებამ, მხარეთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა უფრო თვალსაჩინო იყო იმ ფონზე, როცა პროკურატურა ასაჯაროებდა საქმეში არსებულ მთავარ მტკიცებულებებსა და მოწმეთა ვინაობას. თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა დაცვის მხარეს დაუსაბუთებლად არ მისცეს აეროპორტის ვიდეოჩანაწერების მოპოვების საშუალება, რაც საქმისთვის მნიშვნელოვანი ნეიტრალური მტკიცებულება იქნებოდა.
სახალხო დამცველი გააგრძელებს ე.წ. „ციანიდის საქმის“ სასამართლო პროცესის მონიტორინგს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, პარალელურად კი იმედოვნებს, რომ პროკურატურის მიერ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაწყებული სხვა გამოძიებები მიუკერძოებლად და ეფექტიანად წარიმართება.