რა იწვევს შავ ზღვაში დელფინების დაღუპვას

12 ოქტომბერი 2017, 00:00 7740 ნახვა

შავი ზღვის ბათუმის სანაპიროზე, ბოლო პერიოდში მკვდარი დელფინების გამორიყვის ფაქტები გახშირდა.  რა იწვევს ძუძუმწოვრების დაღუპვას - ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი ამ ეტაპისთვის არ არსებობს. სპეციალისტები რამდენიმე ვერსიას განიხილავენ. მიზეზების დადგენაში ქართველებს  ჰოლანდიელი მეცნიერები დაეხმარებიან და ზღვის ბინადრებს საჭირო დიაგნოსტიკურ კვლევებს ჩაუტარებენ.

საკითხზე დღეს ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე მსჯელობენ. შეხვედრის მიზანი, ძუძუმწოვრების დაავადების კონტროლი და დიაგნოსტიკაა. სპეციალისტების განმარტებით, საქართველოს  დეტალური კვლევების ჩასატარებლად  საჭირო რესურსები არ გააჩნია.

„გვინდოდა ჩაგვეტარებინა მონიტორინგი რა არის დელფინების დაღუპვის მიზეზი. გვინდოდა მეცნიერ საფუძვლებზე დამყარებული დასკვნები მოგვესმინა. ეს არის ინფექციები, ეს არის მექანიკური დაზიანება,  ბადეებში გახლართვა თუ ა.შ.  ამას ყველაფერს სამეცნიერო კვლევები დაადგენს, რომელიც მაღალ დონეზე ჩატარდება“ - ამბობს ბათუმის დელფინარიუმის მენეჯერი  თენგიზ წეროძე.

ზღვის ძუძუმწოვართა დაღუპვის ოთხი ძირითადი მიზეზი არსებობს. პირველი — ბიოლოგიური სიკვდილი, როდესაც ძუძუმწოვრები ბუნებრივი სიკვდილით იღუპებიან. მეორე — ეს არის პათოლოგიები, რომლებიც დაავადებებსა და ინფექციებს უკავშირდება. მესამე — სანავიგაციო ტრავმა, როდესაც ისინი გემებს, კატარღებს ეჯახებიან და კვდებიან და მეოთხე მიზეზი — თევზსაჭერ ბადეებში მოხვედრა.

მიმდინარე წელს, შავი ზღვის სანაპიროზე დელფინების გამორიყვის 90-ზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი