რთული გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობასა და სტაბილურობას - ირაკლი კობახიძე

17 იანვარი 2025, 12:23 118 ნახვა

ჩვენ გულწრფელად ვართ დაინტერესებული, განვახორციელოთ კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯები და ხელი შევუწყოთ თანამშრომლობას რეგიონში, საქართველო მხარეებს სთავაზობს სამმხრივი თანამშრომლობის ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ჩართულობას სხვადასხვა სფეროების მიმართულებით, -  განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის გახსნისას.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კომისიის სხდომა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის დინამიურ თანამშრომლობას.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს ვიმყოფები ბაქოში, ქალაქში, რომელიც ყოველ ვიზიტზე გვაოცებს თავისი სილამაზით და განვითარების ტემპით. მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, პირველად გავუწიო თანათავმჯდომარეობა საქართველო-აზერბაიჯანის რიგით მე-10 მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიას. ღრმად ვარ დარწმუნებული, დღევანდელი სხდომა გამოკვეთს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოების ახალ შესაძლებლობებს, რათა კიდევ უფრო დინამიური და ნაყოფიერი გავხადოთ ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა. აქვე, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და აზერბაიჯანს მივულოცო გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 29-ე კონფერენციის (COP-29) წარმატებით ჩატარება. მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო COP-29-ის მუშაობაში. მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მტკიცედ უჭერენ მხარს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მინდა ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ“,- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, რეგიონსა და მსოფლიოში სწრაფად ცვალებადი და რთული გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობასა და სტაბილურობას, როგორც საკვანძო მოცემულობას რეგიონული განვითარებისა და მდგრადი კეთილდღეობისათვის.

„დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით არა თუ გადავლახავთ ყველა გამოწვევას, არამედ გამოვიყენებთ არსებულ შესაძლებლობებს კიდევ უფრო ეფექტიანი თანამშრომლობისათვის. ჩვენ გულწრფელად ვართ დაინტერესებული, განვახორციელოთ კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯები და ხელი შევუწყოთ თანამშრომლობას რეგიონში. საქართველო მხარეებს სთავაზობს სამმხრივი თანამშრომლობის ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ჩართულობას სხვადასხვა სფეროების მიმართულებით“, - აღნიშნა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში