მტკიცებულების გარეშე საუბრობენ ადამიანის დასანქცირებაზე, რომელსაც უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს ქვეყანაში დემოკრატიულ გარდატეხაში - პრემიერი

17 იანვარი 2025, 17:56 104 ნახვა

ყოველგვარი მტკიცებულების, ფაქტის გარეშე საუბრობენ იმ ადამიანის დასანქცირებაზე, რომელსაც უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიულ გარდატეხაში, ასეთი ინიციატივა აკნინებს დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოს რეპუტაციას, – ამის შესახებ  ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამით საბოლოოდ შეილახება დიდი ბრიტანეთის რეპუტაცია.

„რაც შეეხება პოლიტსაბჭოს განცხადებას, ყველაფერი არის დღესავით ნათელი. იცით, რომ ინიცირებულია შესაბამისი პროექტი ბრიტანეთის პარლამენტში, თემთა პალატაში და თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით, ამით საბოლოოდ შეილახება დიდი ბრიტანეთის რეპუტაცია. თქვენ იცით, რომ დიდი ბრიტანეთი არის ადამიანის უფლებების აკვანი, დემოკრატიის აკვანი, ჯერ კიდევ მე-13 საუკუნეში და მოგვიანებით, შემდეგ მე-17 საუკუნეში შეიქმნა დიდ ბრიტანეთში პირველი სამართლებრივი აქტები, რომლებიც უკავშირდებოდა ადამიანების ძირითადი უფლებების განვითარებას. სხვათა შორის, ეს აქტები უკავშირდებოდა, პირველ რიგში, საპროცესო, ძირითადი უფლებების განვითარებას. დღეს ყოველგვარი მტკიცებულების, ფაქტის გარეშე საუბრობენ ადამიანების დასანქცირებაზე, კონკრეტულად იმ ადამიანის დასანქცირებაზე, რომელსაც  უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიულ გარდატეხაში. ასეთი ინიციატივაც კი აკნინებს დიდი ბრიტანეთის, ამ სახელმწიფოს, ამ ტრადიციული, ისტორიული სახელმწიფოს რეპუტაციას ჩვენს ქვეყანაში ქართული საზოგადოების თვალში. ეს ძალიან სამწუხაროა. ერთგვარი ტრაგიკული მოვლენაა, რაც აღნიშნულია ამ განცხადებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში