საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა არის ყველა შესაბამისი პირის ვალდებულება, ვინც არ ითანამშრომლებს საპარლამენტო გამოძიებასთან, ყველას მიმართ იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი ზომების გატარება, რაც გათვალისწინებულია ჩვენი კანონმდებლობით, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ბაქოში ჟურნალისტებს.
პრემიერის თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოძიება, ვინაიდან, საქმე ეხება ძალიან მძიმე დანაშაულებს და ამ დანაშაულთა დიდი ნაწილი აღიარებული აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.
„საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა არის ყველა შესაბამისი პირის ვალდებულება. თუ ეს ვალდებულება არ შესრულდება, ამისთვის არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის სანქციები, მე მინდა, ეს ყველას შევახსენო. რაც შეეხება საპარლამენტო გამოძიების მნიშვნელობას, თავისთავად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოძიება, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება ძალიან მძიმე დანაშაულებს, მათ შორის, ამ დანაშაულთა დიდი ნაწილი აქვს აღიარებული ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, ეს არის ადამიანების მკვლელობა, ადამიანების წამებსა, ბიზნესის რეკეტი, არჩევნების გაყალბება, 2008 წლის ომი. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, საჭიროა სიღრმისეული გამოძიება, ვინც არ ითანამშრომლებს საპარლამენტო გამოძიებასთან, ყველას მიმართ იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი ზომების გატარება, რაც გათვალისწინებულია ჩვენი კანონმდებლობით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულების გამოძიება არის მნიშვნელოვანი არა იმისათვის, რომ წარსული სწორად შევაფასოთ, არამედ აუცილებელია იმისთვის, რომ მომავალში დავაზღვიოთ ჩვენი ქვეყანა ანალოგიური საფრთხეებისგან.
„მე შემიძლია დანაშაულები შეგახსენოთ, მარტო დაახლოებით 150 კაცი, ძირითადად ახალგაზრდა ადამიანი მოკლეს ქუჩაში. რაც შეეხება ციხეებში პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ხშირ შემთხვევაში გაუპატიურებას, ეს დანაშაული არის დადგენილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, რომელიც საუბრობს წამების სისტემურ პრაქტიკაზე სააკაშვილის სასამართლოში. ეს კიდევ ერთი დანაშაულია. ბიზნესის რეკეტის უამრავი ფაქტია, ბიზნესის რეკეტში ჩართული იყო უამრავი ადამიანი, რომელიც დღეს წარმოადგენს სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას, ეს არის თვითონ „ნაცმოძრაობა“, „ახალი“, ხაზარაძე, ეს ადამიანები უშუალოდ იყვნენ ჩართულები ბიზნესის რეკეტში, რამაც შეიწირა უამრავი ადამიანის, ათი ათასობით ადამიანის არამარტო საკუთრება, არამედ კეთილდღეობა, ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი ზოგიერთ შემთხვევაში.
არჩევნების გაყალბება, მარტო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბება რად ღირს, ტოტალური გაყალბება ხდებოდა არჩევნების მათი რეჟიმის პირობებში. მთავარი დანაშაული ეს იყო მაინც 2008 წლის ომი, მათ აღიარებული აქვთ, რომ თავად დაიწყეს ეს ომი, ამაზე აქვთ ოფიციალური ხელმოწერა ევროსაბჭოს რეზოლუციასთან მიმართებით. ეს არის საკმარისი ჩამონათვალი იმ დანაშაულებისა, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ აუცილებელია ყველაფრის სათანადოდ გამოძიება. და ეს გამოძიება არის მნიშვნელოვანი არა იმისათვის, რომ წარსული სწორად შევაფასოთ, არამედ აუცილებელია იმისთვის, რომ მომავალში დავაზღვიოთ ჩვენი ქვეყანა ანალოგიური საფრთხეებისგან,“- განაცხადა პრემიერმა.