კლიმატის ცვლილება სერიოზულად არღვევს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკას და საფრთხეს უქმნის განსაკუთრებით მოწყვლადი ქვეყნების და ადგილობრივი თემების საარსებო პირობებს - პრემიერი

13 ნოემბერი 2024, 11:33 234 ნახვა

კლიმატის ცვლილება ჩვენს ეპოქაში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გამოწვევად ყალიბდება, რაც საჭიროებს გლობალურ, გადაუდებელ ქმედებას და თანამშრომლობას, მისი მრავალმხრივი შედეგების დასაძლევად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ COP29-ის ლიდერების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კლიმატის ცვლილება სერიოზულად არღვევს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკას და საფრთხეს უქმნის განსაკუთრებით მოწყვლადი ქვეყნების და ადგილობრივი თემების საარსებო პირობებს.

„ბატონო პრეზიდენტო, ქალბატონებო და ბატონებო, ჩემთვის დიდი პატივია, მოგმართოთ საქართველოს სახელით. თავდაპირველად, მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ ილჰამ ალიევს, ასევე კონფერენციის პრეზიდენტს, ბატონ მუხტარ ბაბაევს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას, გულითადი მასპინძლობისა და ბაქოში კონფერენციის გამორჩეულად წარმატებული ორგანიზებისთვის.



ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენაა, რადგან სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყანა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მონაწილეთა კონფერენციას პირველად მასპინძლობს. მსურს, წარმატებები ვუსურვო აზერბაიჯანს ამ მიმართულებით ნაყოფიერი და ამბიციური შედეგების მიღწევაში, მოლაპარაკებების პროცესში თანამშრომლობის სულისკვეთებისა და კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობაში.



ეს კონფერენცია კრიტიკულ დროს ტარდება, რადგან კლიმატის ცვლილება ჩვენს ეპოქაში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გამოწვევად ყალიბდება, რაც საჭიროებს გლობალურ, გადაუდებელ ქმედებას და თანამშრომლობას, მისი მრავალმხრივი შედეგების დასაძლევად. სამწუხაროდ, ამ გზაზე შეიარაღებული კონფლიქტები არა მხოლოდ სერიოზულ ჰუმანიტარულ კრიზისებს იწვევს, არამედ ხელს უშლის და ანელებს მსოფლიო ძალისხმევას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში.

კლიმატის ცვლილების მზარდი ზემოქმედება, მათ შორის მყინვარების სწრაფი დნობა და ზღვის დონის აწევა, სერიოზულად არღვევს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკას და საფრთხეს უქმნის განსაკუთრებით მოწყვლადი ქვეყნების და ადგილობრივი თემების საარსებო პირობებს. სამწუხაროდ, საქართველოც არ წარმოადგენს გამონაკლისს და დგას კლიმატის ცვლილების მკაცრი შედეგების წინაშე. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად ამაღლდა ცნობიერება ადამიანის უფლებებსა და ეკოლოგიას შორის არსებული კავშირების შესახებ“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუცია გარემოს დაცვის უფლებას ადამიანის ძირითად უფლებებს შორის აღიარებს, მაშინ, როდესაც წამყვანი ქვეყნების კონსტიტუციებში სიცოცხლის უფლება აღიქმება გარემოს დაცვის უფლებად, ასეთი მიდგომა აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მტკიცე ერთგულება გლობალური სათბური აირების ემისიის განახევრების ვალდებულებისადმი, რაც 2030 წლისთვის არის ნავარაუდევი.

„2019-2020 წლებში, როდესაც ევროსაბჭოს საქართველო თავმჯდომარეობდა, ოთხი პრიორიტეტიდან ორი მთავარი იყო - ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის დასკვნით დეკლარაციაში ხაზი გაესვა ევროსაბჭოს როლს, როგორც ჩვენი საერთო ევროპული სამართლებრივი ჩარჩოს გარანტს, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების ინიციატივებში გარემოს განზომილების ინტეგრირებაზე, ხოლო გარემოს დაცვის სფეროში ადამიანის უფლებების ასპექტების პოპულარიზაციაზე. ეს დეკლარაცია საფუძვლად დაედო გარემოს დაცვის მიმართულებით ევროსაბჭოს მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან პროგრესს. საქართველოს კონსტიტუცია გარემოს დაცვის უფლებას ადამიანის ძირითად უფლებებს შორის აღიარებს, მაშინ, როდესაც წამყვანი ქვეყნების კონსტიტუციებში სიცოცხლის უფლება აღიქმება გარემოს დაცვის უფლებად; ასეთი მიდგომა აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც.

 

ამ გადაუდებელი გამოწვევების საპასუხოდ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მტკიცედ ერთგული დავრჩეთ გლობალური სათბური აირების ემისიის განახევრების ვალდებულებისადმი, რაც 2030 წლისთვის არის ნავარაუდევი. ამ მიზნის მიღწევა აუცილებელია, თუ გვსურს, შევზღუდოთ გლობალური დათბობა 1.5 გრადუსამდე, რაც პარიზის შეთანხმებით არის განსაზღვრული,“- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის განცხადებით, საქართველო მზადაა, 2025 წლისთვის წარადგინოს ახალი - მესამე თაობის ეროვნული სამოქმედო გეგმა, რაც მიზნად ისახავს გლობალური დათბობის შენარჩუნებას 1.5 ზღვრული გრადუსის ფარგლებში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში