პრეზიდენტის ვეტო თუ იქნება ფორმალური, აცდენილი გამჭვირვალობის პრინციპს, რა პრინციპსაც ეფუძნება კანონპროექტი, ის იქნება დაძლეული, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
ანრი ოხანაშვილის თქმით, ნებისმიერი კრიტიკა არგუმენტს უნდა ეფუძნებოდეს.
„გვაქვს პოზიცია, თუ ვინმეს სურს ვეტომდე შინაარსში შეცვლა, მზად ვართ კომუნიკაციისთვის, შესაბამისად ჩვენი ეს პოზიციაც უცვლელია. ვეტო თუ იქნება ფორმალური, აცდენილი გამჭვირვალობის პრინციპს, რა პრინციპსაც ეფუძნება კანონპროექტი, ის იქნება დაძლეული. გავაკეთეთ შეთავაზება, რომ მზად ვართ კომუნიკაციისთვის, თუ ამის ინტერესი იქნება. რაღაცას როცა აკრიტიკებ და არ მოგწონს, ეს უბრალოდ შენი სუბიექტური აზრი კი არ უნდა იყოს, უნდა იყოს არგუმენტი, დასაბუთება. ნებისმიერი კრიტიკა უნდა ეფუძნებოდეს არგუმენტს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, მმართველი გუნდი მზად არის, კანონპროექტთან დაკავშირებით პარტნიორებთან იმსჯელოს, გამართონ დისკუსია საზოგადოების თვალწინ.