აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა ხანგრძლივი შიმშილობა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს დროებითი ღონისძიების ფარგლებში მისი აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა. აკრძალვა იმოქმედებს მანამ, სანამ სადიგოვის საქმე არსებითად არ გადაწყდება სტრასბურგის სასამართლოში. არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" განცხადებით, უახლოეს დღეებში გეგმავენ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სადიგოვისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს. აფგან სადიგოვმა ციხეში 161 დღე იშიმშილა. იგი მშრალ შიმშილობაზე მას შემდეგ გადავიდა, რაც 31 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილი დაეთანხმა პროკურატურას და აფგან სადიგოვისთვის შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა 3 მაისამდე გაახანგრძლივა.