დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემები ქობულეთში

01 მარტი 2025, 12:05 138 ნახვა

კვლავ რთული ვითარებაა ქობულეთის მაღალი ზონის სოფლებში, სადაც თოვლის საფარი მეტრ ნახევარს აღწევს. ადგილობრივები ამბობენ, რომ გადაადგილებასთან დაკავშირებით კვლავ პრობლემებია. მათივე ცნობით, განსაკუთრებული პრობლემა ექმნებათ ადამიანებს, რომლებსაც სასწრაფო-სამედიცინო მომსახურების გაწევა ესაჭიროებათ. რამდენიმე დღეა ქობულეთის მერიაში სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბია შექმნილი.
ბოლო მონაცემებით დიდთოვლობამ 170 საცხოვრებელ სახლზე მეტი დააზიანა, უმრავლესობას  სახლის სახურავი ჩამოენგრა. ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ყველა ოჯახი გასულია უსაფრთხო მისამართზე. მათივე თქმით, ყველა დაზარალებული ოჯახის  მდგომარეობას შეისწავლიან და შესაბამის დახმარებას გაუწევენ.
დიდთოვლობის გამო, ამ დროისთვის ელექტრომომარაგება შეწყვეტილი აქვს 500-მდე აბონენტს, ხოლო გაზი 462 აბონენტს არ მიეწოდება. რამდენიმე სოფელს აქვს შეწყვეტილი წყალმომარაგებაც. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.  ქობულეთის მერიის  ინფორმაციით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის სოფლის ცენტრალური საავტომობილო გზები გაწმენდილია და დაწყებულია სოფლების შიდა სასოფლო გზების გაწმენდა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი