შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბათუმში გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1975 წელს დაბადებული ს.ჩ. და 1976 წელს დაბადებული ჰ.ე. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მათ ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში მუშაობდნენ, ძალადობის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ამავე კაფე-ბარის სტუმრებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მათი შეკვეთისთვის შეუსაბამოდ დიდი თანხა -267 000 თურქული ლირა და 5 700 ლარი გამოსძალეს. სამართალდამცველებმა ს.ჩ. და ჰ.ე. ბრალდებულის სახით დააკავეს“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.