ტვ პირველის დაკავებული ოპერატორი იზოლატორში რჩება. მისი ადვოკატის ინფორმაციით, გამოვლინდა არაერთი პროცედურული დარღვევა შსს-ის მხრიდან.
„ლაშა ჯიოშვილს დაკავებისას არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო მარცხენა ხელზე სისხლჩაქცევა აქვს“ - აცხადებს „ტვ პირველის“ იურისტი, ფაქტი კი მისი თქმით სახალხო დამცველის აპარატმაც დააფიქსირა.
თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, გვიან ღამით, საპატიმროში მოინახულა ოპერატორი, რომელიც, მისი თქმით, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა წაიყვანეს, შსს-ში კი თქვეს, რომ ის პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვისაა დაკავებული. ადვოკატის განცხადებით, მას კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას უკანონოდ ედავებიან.
ოპერატორი გვიან ღამით ქუჩაში დააკავეს. ტელეკომპანიის თანამშრომლების ინფორმაციით დაკავება იმ დროს მოხდა, როცა ოპერატორი აქციის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა. მოქალაქეები, რომლებიც გატაცების ფაქტს შეესწრნენ, ცდილობდნენ პოლიციისთვის ხელი შეეშალათ, თუმცა ჯიოშვილის წაყვანა მათ მაინც მოახერხეს.
სოციალურ ქსელში გავრცელდა დაკავების კადრები, სადაც ჩანს რომ დაკავებისას პოლიციელებს ფორმა არ ეცვათ.