ილია დარჩიაშვილი გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს შეხვდა

26 თებერვალი 2024, 22:41 305 ნახვა

ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან, ვოლკერ ტურკთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ხაზი გაუსვა გამოწვევებით სავსე პერიოდში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის როლსა და დატვირთვას.

„ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ  ჰუმანიტარულ ვითარებაზე და ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა გაეროს დღის წესრიგში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული ვითარების მაღალ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობას. ასევე, აღნიშნა საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვების აუცილებლობა. აღინიშნა გაეროს როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში და ასევე, კონფლიქტით დაზარელებული მოსახლეობის უფლებების დაცვის მიმართულებით.

ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციაზე „თანამშრომლობა საქართველოსთან“. მინისტრმა ასევე ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე და გაერო-ს განსაკუთრებულ როლზე ამ პროცესში“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრის დასასრულს ილია დარჩიაშვილმა უმაღლესი კომისარი საქართველოში მოიწვია.

ილია დარჩიაშვილი 26-27 თებერვალს ჟენევაში ვიზიტით იმყოფება. 26 თებერვალს მინისტრი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 55-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში