საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 55-ე სესიის ფარგლებში შეხვედრა გამართა ყაზახეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მურატ ნურთლეუსთან.ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. აღნიშნეს ორი ქვეყნის ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები და ბოლო წლებში გააქტიურებული მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა.
„საუბარი შეეხო ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშომლობას, აღინიშნა, რომ 2023 წელს თბილისში წარმატებით ჩატარდა პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და გაზრდილ სავაჭრო ბრუნვაზე. განხილული იყო ინვესტიციების და ტურიზმის მიმართულებით არსებული მაჩვენებლები. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობას. ამასთან, მხარეებმა ისაუბრეს შუა დერეფნის მნიშვნელობაზე და ამ მხრივ სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობაზე.
მხარეები შეთანხმდნენ გააგრძელონ თანამშრომლობა ყველა მნიშვნელოვანი საკითხთან დაკავშირებით.
ილია დარჩიაშვილმა მურატ ნურთლეუ თბილისში მოიწვია.
ილია დარჩიაშვილი 26-დან 27 თებერვლამდე ვიზიტით ქ. ჟენევაში იმყოფება. მინისტრი სიტყვით გამოვიდა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 55-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტზე“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.