ბრიუსელში გამართული შეხვედრები გვაძლევს ოპტიმიზმის ძალიან კარგ საფუძველს იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში, როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ისე ევროკომისრებთან, ჯოზეფ ბორელთან და ოლივერ ვარჰეისთან საუბარი შეეხო ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ პროცესებს და ასევე, ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხს.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ 2030 წლისთვის საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.
„ზოგადად, გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრები, მათ შორის ორმხრივი შეხვედრები. გვქონდა შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ბატონ შარლ მიშელთან. იყო ძალიან მეგობრული შეხვედრა. ყველა თემას შევეხეთ, რაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ პროცესებთან, საქართველოს და ევროკავშირის თანამშრომლობასთან. ძალიან მეგობრული შეხვედრა გაიმართა. ყველა თემაზე გვქონდა საუბარი, მათ შორის იმ რეფორმებზე, რომლებიც ხორციელდება საქართველოს მიერ როგორც ასოცირების დღის წესრიგის, ასევე ცხრა პუნქტის ფარგლებში. ანალოგიურად, ორმხრივი შეხვედრები მქონდა ბატონ ბორელთან, ბატონ ვარჰეისთან. აქაც იყო ძალიან მეგობრული განწყობა, ძალიან მეგობრული შეხვედრები, მეგობრული დისკუსია. ყველა თემას შევეხეთ ამ შემთხვევაშიც და ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასოცირების საბჭოს ფორმატში ის საუბრები, რომლებიც გაიმართა. სხვადასხვა სფეროს შევეხეთ. შევეხეთ, როგორც რეფორმების დღის წესრიგს, ასევე ეკონომიკურ საკითხებს, ეკონომიკურ თანამშრომლობას, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებს.
ყველა თემასთან დაკავშირებით არის თანამშრომლობის გაღრმავების ინტერესი, არის ძალიან ფართო სივრცე თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. ეს შეხვედრები გვაძლევს ოპტიმიზმის ძალიან კარგ საფუძველს იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესი. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზნები.
დღეს, ერთხელ უკვე ვთქვი და კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო – 2030 წლისთვის ჩვენ ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად ვიქნებით მზად იმისათვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.