ვენეციის კომისიის დასკვნას საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისთვის იყენებენ, - ამის შესახებ აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დაინტერესებული მხარეები ცდილობენ კომისიის დასკვნას მათთვის სასურველი ინტერპრეტაცია მისცენ.
„სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ მორიგი შეტევისთვის ამჯერად ვენეციის კომისიის დასკვნას იყენებენ, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს უკავშირდება. დაინტერესებული მხარეები ცდილობენ კომისიის დასკვნას მათთვის სასურველი ინტერპრეტაცია მისცენ. საუბარი ისევ დაიწყო საარჩევნო ადმინისტრაციის ლეგიტიმაციაზე, მაშინ, როდესაც მსგავსი შინაარსის ჩანაწერი დასკვნაში არ არის. ამასთან ერთად, ისინი არ საუბრობენ ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნულ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის პარტიების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციაში დანიშნული წევრების გათავისუფლების მკაფიო კრიტერიუმების საჭიროება, რამაც უნდა უზრუნველყოს მათი რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა.
სინამდვილეში, ყველა ჩართული მხარისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ცესკოს ყველა პროფესიული წევრი და მათ შორის თავმჯდომარე, უფლებამოსილებას კანონის შესაბამისად ახორციელებენ. საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა არ შეფერხებულა არც ერთ წუთით და პირიქით, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ არჩევნების მოდერნიზების უმნიშვნელოვანესი პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ჩასატარებლად, ამ პროცესში საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების წარმატებით დასანერგად. მხოლოდ 2023 წელს მაღალ პროფესიულ დონეზე ჩატარდა ორი შუალედური/რიგგარეშე არჩევნები. წარმატებით მიმდინარეობს ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანია და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტი. ცესკოს ხელმძღვანელობამ გამართა მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეხვედრები ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და მხარდაჭერის გაძლიერების მიზნით. ცესკო საერთაშორისო სიმპოზიუმზე ერთდროულად სამი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა და ის აღიარებულია წლის საარჩევნო ადმინისტრაციად. ეს ბოლო პერიოდში განხორციელებული ეფექტიანი საქმიანობის არასრული ჩამონათვალია, რაც ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ორიენტირებულია ელექტრონული არჩევნების წარმატებით ჩატარებაზე, ამ ტიპის განცხადებები კი აზიანებს არა მხოლოდ უწყებას, არამედ ზოგადად საარჩევნო გარემოს.
კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ პოლიტიკურ სუბიექტებს, საარჩევნო პროცესში ჩართულ სხვა მხარეებს, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა შეაფასონ მხოლოდ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით და ნუ დააზიანებენ საარჩევნო პროცესს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გამო, რადგან არჩევნები საერთო საქმეა და საარჩევნო პროცესის წარმატებით განხორციელება საერთო ინტერესია“, - აღნიშნულია განცხადებაში.