გილოცავთ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილებას, ეს ისტორიული მომენტია, ველოდებით, რომ საქართველო შეასრულებს ცხრა რეკომენდაციას - ხავიერ კოლომინა

19 დეკემბერი 2023, 21:06 467 ნახვა

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ხავიერ კოლომინას განცხადებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ისტორიული მომენტია.

„როგორც იცით, ეს ჩემი მეექვსე რეგიონული ვიზიტია 2023 წელს და ამჯერად განსაკუთრებით სასიამოვნოა ეს დაბრუნება. ვიზიარებ საქართველოს ხალხის, საქართველოს ხელისუფლების სიხარულს და გილოცავთ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსზე. ეს ძალიან კარგი სიახლე, ისტორიული მომენტია საქართველოსთვის, მაგრამ ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის და ვფიქრობ, ეს ქმნის მომენტს, რომლის გამოყენებაც უნდა გავაგრძელოთ 2024-შიც, რომელიც ასეთივე მნიშვნელოვანი იქნება, როგორც ეს გადაწყვეტილება. ველოდებით, რომ საქართველო შეასრულებს ცხრა ნაბიჯს, რეფორმებს, რომლის განხორციელებაც დევს ამ ცხრა ნაბიჯში და რომელიც ასევე ემთხვევა ნატო-ს მოთხოვნებს“, – აღნიშნა ხავიერ კოლომინამ.

კოლომინას განცხადებით, საქართველოში გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს და სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებს.

„უკვე მქონდა შეხვედრა პრემიერთან, პრეზიდენტთან, თავდაცვის მინისტრთან, შევხვდები საგარეო საქმეთა მინისტრს. ვესაუბრე პარლამენტის თავმჯდომარეს. კარგი შეხვედრები მქონდა, ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე, რომელიც ნამდვილად კარგი გვაქვს, იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება აჩენს და იმ გზებზე, როგორ შეიძლება, ვიმოქმედოთ ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ხავიერ კოლომინამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი