ისრაელის თავდაცვაში მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის მზადება თითქმის დასრულდა. უწყების ცნობით, ბატალიონები და სამხედროები დისლოცირებული არიან მთელი ქვეყნის მასშტაბით და მზად არიან გაზარდონ მზადყოფნა ომის შემდგომი ეტაპისთვის.
2800-მდე გაიზარდა დაშავებულთა რიცხვი ისრაელში, ასევე ბოლო ცნობებით ჰამასის თავდასხმების შედეგად აშშ-ის 29 მოქალაქე დაიღუპა, ინფორმაციას შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელიც ადასტურებს.
ვადა, რომელიც ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მცხოვრებლებს ჰქონდათ, გუშინ ამოიწურა, თუმცა ისრაელის თავდაცვაში განაცხადეს, რომ მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაციები მას შემდეგ დაიწყება, რაც მშვიდობიანი მოსახლეობა ტერიტორიას დატოვებს. პრესსპიკერის განცხადებით, მნიშვნელოვანია ღაზაში მცხოვრებმა ხალხმა იცოდეს, რომ ისრაელი მათ დამატებით დროს აძლევს.
გარდა ამისა, ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს სირიიდანაც, ასევე ქალაქებში ღამით განგაშის სიგნალი გააქტიურდა.