რუსეთის ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ქსტოვოში „ლუკოილის“ ნავთობსაცავი იწვის, რომელზეც თავდასხმა უკრაინული დრონებით მოხდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, ეს ობიექტი რუსული საოკუპაციო ძალების საქმიანობას უზრუნველყოფდა. ადგილობრივები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ სულ მცირე სამი აფეთქების ხმა გაიგონეს.
წყაროები, სადაზვერვო სამმართველოდან, აცხადებენ, რომ ნავთობსაცავის ტერიტორიაზე ოთხი დარტყმა განხორციელდა. უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, თავდასხმის შედეგად ნავთობსაცავი მნიშვნელოვნად დაზიანდა და ობიექტისკენ გაშვებულმა ოთხივე უპილოტო საფრენმა აპარატმა სამიზნეს მიაღწია.