საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „თავდაცვის კოდექსს“ ხელი მოაწერა. აღნიშნულის შესახებ სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა, დავით თევზაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
თევზაძის თქმით, მიუხედავად ხარვეზებისა, პრეზიდენტმა „თავდაცვის კოდექსს“ ხელი მაინც მოაწერა, რადგან ის მნიშვნელოვან პრობლემებს აწესრიგებს.
„საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა „საქართველოს თავდაცვის კოდექსს“, ვინაიდან ხარვეზების მიუხედავად, ის საზოგადოებისთვის ერთ-ერთ ცნობილ და მნიშვნელოვან პრობლემას აწესრიგებს. ამიერიდან, სავალდებულო სამხედრო სამსახურს წვევამდელები მხოლოდ თავდაცვის ძალებში გაივლიან, რაც შეესაბამება სამხედრო სამსახურის არსს და ქვეყნის ინტერესს. ამით დასრულდება ის მავნე პრაქტიკა, რომელიც წლების მანძილზე იყო დამკვიდრებული, როდესაც სავალდებულო სამსახურის გავლა ახალგაზრდებს სხვადასხვა უწყებაში, ძირითადად, „საყარაულო“ ჯიხურებში უწევდათ, რის გამოც, მათი დამოკიდებულება ჯარის მიმართ საგრძნობლად უარყოფითი გახდა“, - განაცხადა თევზაძემ.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ მიუხედავად ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა, ყოველწლიურად გასაწვევი მცირე რიცხობრივი კონტინგენტი ჯერ კიდევ არ ესატყვისება არც რეალურ დემოგრაფიულ მონაცემებს, არც ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.
„ასევე დამაფიქრებელია, მით უმეტეს არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, რომ თავდაცვის სისტემის გააზრებისას, თავდაცვის კოდექსში ადგილი არ აღმოჩნდა საზღვაო თავდაცვის ძალებისთვის და საზღვაო სივრცეზე სტრატეგიული და ოპერატიული ამოცანების გადაწყვეტა საზღვაო პოლიციის იმედადაა დარჩენილი.
და ბოლოს, ეროვნული თავდაცვის საბჭოს, თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული უფლებამოსილება და საქმიანობის წესი არ ესატყვისება იმ მოცემულობას, რომელიც დადგენილია კონსტიტუციით, რის გამოც გაურკვეველია კოორდინაცია დღეს მოქმედ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს შორის, რამაც საომარი მდგომარეობის მართვისას შეიძლება, მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნას“, – დასძინა დავით თევზაძემ.