შეერთებული შტატები უკრაინისთვის 200 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების გამოყოფას გამოაცხადებს. ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს. ცნობილია, რომ ახალი პაკეტი მოიცავს ნაღმებისგან გაწმენდის აღჭურვილობას, საზენიტო-სარაკეტო სისტემა „პეტრიოტისთვის“ განკუთვნილ საბრძოლო მასალას, ტანკსაწინააღმდეგო კომპლექს „ჯაველინებს“, სარაკეტო სისტემა „ჰაიმარსის“ რაკეტებს და სხვა სახის აღჭურვილობასა და საბრძოლო მასალას. ამავე დროს ბაიდენის ადმინისტრაცია მუშაობს უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფაზე, რომელიც კონგრესზე განსახილველად შემოდგომისთვის იქნება მზად.