სამწუხაროდ, 2008 წლის აგვისტოში ბევრმა ამჯობინა თვალის დახუჭვა, ამ აგრესიის წაყრუებამ მოგვიტანა 2014 და 2022 წლების უკრაინა - პაპუაშვილი

08 აგვისტო 2023, 10:57 985 ნახვა

დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ 2008 წელს რუსული აგრესიჩაწის შედეგად დაღუპულების ხსოვნას. 400-ზე მეტი სამხედრო, პოლიციელი, სამოქალაქო პირი დაიღუპა, 2000-ზე მეტი დაშავდა და დაიჭრა, ეს იყო დიდი ტრაგედია, რომელიც 15 წლის წინ დატრიალდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, 2008 წელს საქართველოში მომხდარზე თვალის დახუჭვამ გამოიწვია 2014 და 2022 წლის უკრაინა.

"სამწუხაროდ, მაშინ  ბევრმა ამჯობინა თვალის დახუჭვა, ნაცვლად იმისა, რომ სანქციები დაეწესებინათ რუსეთისთვის, ემბარგო დაუწესეს საქართველოს იარაღის შესყიდვაზე. ნაცვლად იმისა, რომ ჰქონოდათ მკაცრი პოლიტიკა რუსეთის მიმართ, ზოგი რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვით იყო დაკავებული, ზოგი სტრატეგიული მილსადენების მშენებლობით, ზოგი კი ომიდან ორი წლის თავზე, წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმს მართავდა რუსულ ჯართან ერთად. ალბათ, ჩვენ ვიყავით ზედმეტად პატარა და ზედმეტად განაპირა. თუმცა, 2008 წელს ამ აგრესიის წაყრუებამ მოგვიტანა 2014 და 2022 წლის უკრაინა და ომის გადატანა ევროპის განაპირიდან ევროპის შუაგულში. ახლა უკვე ბევრი ქვეყანა, რომ ისინი ჩასწვდნენ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის არსს, თუმცა ახლა უკვე სიტყვები საკმარისი არ არის, ახლა მნიშვნელოვანია საქმე. საქართველომ თავისი წილი ომისა უკვე იომა, მე მესმის, რომ სხვებს არ უნდათ, შეიძლება ომი, თუმცა მათი ვალდებულებაა, ახლა უკრაინას დაუდგნენ გვერდში, რათა მან არ წააგოს ეს ომი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 2008 წელს ნაცვლად იმისა, რომ რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინათ, ემბარგო დაუწესეს საქართველოს იარაღის შესყიდვაზე.

მისივე თქმით, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს ომი წააგო არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისითაც.

"თავისთავად არის საკითხები, რომელთა თავიდან არიდება შეუძლებელია. როდესაც ქვეყანას აქვს აგრესიული საგარეო პოლიტიკა, რთულია მას წინ აღუდგე. თუმცა აქაც მნიშვნელოვანია, მოინახოს ამის ინსტრუმენტები, თუნდაც საერთაშორისო უსაფრთხოების ალიანსში გაწევრიანების სახით. მაშინ, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა მიეღო ისეთი მხარდაჭერა, რომელსაც დღეს იღებს უკრაინის ხელისუფლება. მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს ომი წააგო არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისითაც - ჩვენ ვხედავთ, რა მხარდაჭერა აქვს დღეს უკრაინას და ჩვენ გვახსოვს მაშინდელი მხარდაჭერა. სამწუხაროდ, მაშინ ჩვენ ვიყავით მარტო, პატარა და ამიტომაც დავმარცხდით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი