ქალი, რომელსაც შუახევში დათვი თავს დაესხა, ოჯახის ინფორმაციით, თავს კარგად გრძნობს. იგი მსუბუქი დაბეჟილობით ერთ-ერთი კლინიკიდან უკვე ბინაზე გაეწერა. ასევე დამაკმაყოფილებელია კიდევ ერთი ქალის და არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებსაც გარეული ცხოველი ჭალაში თავს დაესხა. კლინიკიდან სახლში გაწერეს ექვსი წლის ბავშვი, რომელიც სოფელ დაბაძველში ბებიასთან სტუმრად იმყოფებოდა, მას რამდენიმე ნაკერის დადება დასჭირდა.
სოფელ დაბაძველში აცხადებენ, რომ გარეული ცხოველები ბოლო პერიოდში მომრავლდნენ და მათი სოფელში შესვლის არა ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ირკვევა, რომ რეაგირებისთვის რომელიმე უწყებისთვის არ მიუმართავთ.
ადგილობრივ თვითმმართველობაში კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა განმარტეს, რომ მოსახლეობას წერილობითი არ მიუმართავთ პრევენციული ზომების მისაღებად.