ლტოლვილთა მსოფლიო დღის აღსანიშნავად, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს და ბათუმის მერიის ორგანიზებით, სოლიდარობის მარში გაიმართა და გაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. მსოფლიოში 110 მილიონამდე იძულებით გადაადგილებული ადამიანის მხარდასაჭერად და სოლიდარობის გამოსახატად, ბათუმში მცხოვრებ ლტოლვილებთან ერთად, სოლიდარობის მარშში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის მერიისა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელმა, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის ელჩების მოადგილეებმა, ამერიკის საელჩოს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მარშის დაწყებამდე, ბათუმის ვიცემერმა ლევან დავითაძემ და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელმა კემლინ ფურლიმ ხელი მოაწერეს გაგების მემორანდუმს.