ევროპარლამენტისა და უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატები ერთობლივ სხდომას პირველად გამართავენ - ინფორმაციას ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ერთობლივი სხდომა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების პროცესის ხასიათსა და გამოწვევებზე აზრების გაცვლას მიეძღვნება.
“დღეს დაგეგმილი შეხვედრის მიზანია, ევროპარლამენტისა და უკრაინის უმაღლესი რადას კომიტეტების თავმჯდომარეების შეკრება, რათა განიხილონ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზა, ასევე სოლიდარობის გამოხატვა კიევისთვის, რომელიც ჯერ კიდევ ებრძვის რუსეთის შემოჭრას”, - წერია ევროპარლამენტის განცხადებაში.
ღონისძიებას ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა და უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი გახსნიან.
ევროპარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების პროცესის ხასიათსა და გამოწვევებზე აზრების გაცვლას. შეხვედრაზე განხილული იქნება უკრაინის ეკონომიკური პოლიტიკა, კანონის უზენაესობისა და კორუფციასთან ბრძოლის საკითხებიც.