ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის პროექტის მიხედვით ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება გარკვეული დათქმებით, დროებით უნდა დამტკიცდეს.
კომიტეტს სურს, ხელისუფლებისგან მიიღოს მკაფიო გარანტიები, რომ ისინი ნამდვილად მზად არიან, შეაჩერონ დემოკრატიული უკუსვლა და შეასრულონ წევრობის ვალდებულებები.
"კომიტეტი მიიჩნევს, რომ, ასამბლეამ ამ სესიაზე უნდა დაამტკიცოს საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუყოვნებლივ შეასრულებს რიგ დათქმებს, მათ შორის: წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს; დაუყოვნებლივ აღმოფხვრის ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილ ხარვეზებს და შექმნის საარჩევნო გარემოს, რომელიც ხელს შეუწყობს მომდევნო თვეებში გამოცხადებულ ნამდვილად დემოკრატიული ახალი არჩევნების ჩატარებას; დაუყოვნებლივ შეწყვეტს პოლიციის მხრიდან ძალადობასა და ადამიანის უფლებების დარღვევებს; ეფექტურად გამოიძიებს ამ პრაქტიკას: სრულად დაიცავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და 2025 წლის აპრილის სესიამდე გაათავისუფლებს ყველა პოლიტპატიმარს.
ასევე, ასამბლეა კვლავ მოუწოდებს ხელისუფლებას, უკან გაიწვიოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით, დაიცვას შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, უზრუნველყოს პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა დარღვევებზე და შეწყვიტოს არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაცია – ნათქვამია მომზადებულ პროექტში.