მნიშვნელოვანია საქართველოს სწორი პოზიციონირება საერთაშორისო არენაზე, რისთვისაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მეგობრებთან და პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავებას - მაკა ბოჭორიშვილი

17 იანვარი 2025, 11:20 101 ნახვა

მნიშვნელოვანია საქართველოს სწორი პოზიციონირება საერთაშორისო არენაზე; ამისთვის, გვჭირდება მეგობრები, პარტნიორები და ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თითოეულ პარტნიორთან და მეგობართან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და გაძლიერებას იმისთვის, რომ მიზნები, რაც აქვს საქართველოს, კარგად იყოს შესრულებული, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბირამოვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტი არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.

„საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გასული წლის ოქტომბერში ჩატარდა, ხელისუფლებაში არის ქართული ოცნება. ამ პოლიტიკური პარტიის ინტერესები ასახული იყო და არის იმ სამთავრობო პროგრამაში, რომელიც ჩვენ გვაქვს და საგარეო მიმართულებით, ეს რა თქმა უნდა, არის შესაბამისობაში იმ პრიორიტეტებთან, რომელიც ქვეყანას გააჩნია საგარეო ასპარეზზე. რა თქმა უნდა, ჩვენი პრიორიტეტი არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია და ამ მიმართულებით იქნება მნიშვნელოვანი სამუშაოები განსახორციელებელი. იცით, რომ საქართველო არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ საბოლოო მიზანს, რასაც ჰქვია ევროკავშირის წევრობა, ქვეყანამ შეძლოს და მიაღწიოს. ეს არის ორივე მხარის გასაკეთებელი, როგორც ევროკავშირის მხრიდან, ასევე საქართველოს მხრიდან“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა პრესკონფერენციაზე რეგიონულ თანამშრომლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს მეზობლებთან.

„აზერბაიჯანთან და თურქეთთან ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატი. აზერბაიჯანში ვიმყოფები დღეს და სწორედ აქედან იწყება ჩემი ურთიერთობები მეზობლებთან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს ასევე სომხეთთან, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, საქართველო იყო, არის და დარჩება ჩვენს რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის ერთგული და ყველანაირად ეცდება, მხოლოდ და მხოლოდ ხელი შეუწყოს მდგრად მშვიდობას, ჩვენს რეგიონში. კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი, რომ თუკი საქართველოს პოტენციალის გამოყენება იქნება საჭირო, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, შევასრულოთ ეს როლი რეგიონში და ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს, რა თქმა უნდა, ჩვენს პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზ რეგიონზე“, – განაცხადა მაკა ბოჭრიშვილმა.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

„ეს რჩება და იქნება მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, ყველა საერთაშორისო შესაძლებლობა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხდეს მშვიდობიანი გზით და ამით ერთგვარად მიღწეულ იქნას ჩვენს რეგიონში მდგრადი მშვიდობა და შესაძლებლობა გვქონდეს, რომ მართლაც სრულად გამოვიყენოთ პოტენციალი, რომელიც ჩვენს რეგიონს გააჩნია. სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა პარტნიორებთან, რა თქმა უნდა, ესეც პრიორიტეტული მიმართულება იქნება. ჩვენ მოველით, რომ აშშ-სთან შესაძლებლობა გვექნება ურთიერთობების შინაარსობრივად გადატვირთვის მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურ კონტექსტში და გვექნება შესაძლებლობა, ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს, უფრო მნიშვნელოვანი შინაარსით დაიტვირთება და შესაძლებლობა გვექნება, რომ ესეც გამოვიყენოთ ჩვენი რეგიონის კეთილდღეობისთვის. ჩვენ გვაქვს ასევე სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან. ესეც მნიშვნელოვანია სწორედ იმ ფუნქციის შესასრულებლად, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას, დაკავშირებადობის თვალსაზრისით, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი და დიდ ყურადღებას დავუთმობთ.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოს სწორი პოზიციონირება საერთაშორისო არენაზე და ყველაფერი, რაც დაკავშირებული იქნება საქართველოს ეროვნული ინტერესების უკეთ წარმოჩენასთან, საერთაშორისო არენაზე, საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვასთან, მისი, როგორც სგარეო საქმეთა მინისტრის განსახორციელებელი იქნება.

„ამისთვის გვჭირდება მეგობრები, პარტნიორები და ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თითოეულ პარტნიორთან და მეგობართან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და გაძლიერებას იმისთვის, რომ ჩვენი მიზნები, რაც აქვს საქართველოს, კარგად იყოს შესრულებული და ამ შემთხვევაში, ერთ- ერთი მიზანი არის ის, რომ საქართველომ უკეთ შეასრულოს როლი შუა დერეფანში, გამოიყენოს ის პოტენციალი, რომელიც აქვს მინიჭებული ჩვენს ქვეყანას. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სწორედ აზერბაიჯანთან ურთიერთობას და მე მხოლოდ და მხოლოდ, მოხარული ვიქნები, თუ ჩემი მინისტრობის პერიოდში ვიხილავ ამ ურთიერთობებს კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანილს, კიდევ უფრო გაძლიერებულს და გაღრმავებულს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში