საქართველო იმ 141 ქვეყანას შორისაა, რომელმაც მხარი დაუჭირა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთისგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ სრულად და უპირობოდ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინიდან.
რეზოლუციის წინააღმდეგ პოზიცია დააფიქსირეს რუსეთმა, ბელარუსმა, სირიამ, ჩრდილოეთ კორეამ, ერიტრეამ, ნიკარაგუამ და მალიმ. 32-მა ქვეყანამ კი თავი შეიკავა.
აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის პროექტი 75 წევრი სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მიერ იყო დასპონსორებული და მოიცავს მოწოდებას უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისკენ.