თბილისის საქალაქო სასამართლოში „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ასევე გადაწყდება საქმე არსებითად განსახილველად გადაეცემა თუ არა სასამართლოს.
სხდომას ალეკო ელისაშვილიც ესწრება და აღნიშნა რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პროკურატურის შუამდგომლობის შემდეგ შეეცვალა. ალეკო ელისაშვილს ბრალდება წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსით, პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ადამიანის დევნის ბრალდებით. შემთხვევა 2 დეკემბერს მოხდა.
პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.