ზედიზედ ორი წელია ჩვენ გვაქვს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ კონვერტირდება. ეს სიკეთე და კეთილდღეობა აისახება ჩვენს ხალხზე, საზოგადოებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის მუშაობის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„მინდა შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, რომ ჯერ კიდევ პანდემიის დროსა და პოსტპანდემიურ პერიოდში ჩვენმა ქვეყანამ არაერთი გამოწვევა დასძლია. კარგად გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ პანდემიიდან არ იყო ჩვენი ქვეყანა გამოსული და ახლა უკვე დაიწყო ეს დამანგრეველი ომი, რომელიც რა თქმა უნდა, დიდ პრობლემებს წარმოშობს. თუმცა, ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ძალისხმევით, ჩვენს გუნდთან, პარლამენტთან ერთად, მთელმა ხელისუფლებამ, რომ ზედიზედ ორი წელია, ჩვენ გვაქვს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ კონვერტირდება. ეს სიკეთე და კეთილდღეობა აისახება ჩვენს ხალხზე, საზოგადოებაზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, უკრაინაში ომმა დიდი გავლენა მოახდინა როგორც ევროპის კონტინენტზე, ისე რეგიონზე, საქართველოსა და გლობალურ პოლიტიკაზე.
პრემიერმა, კიდევ ერთხელ, მხარდაჭერა დაუდასტურა უკრაინელ ხალხს, უსურვა მათ მშვიდობა და ომის სწრაფად დასრულება.
„შეიძლება ითქვას, რომ მთელი მსოფლიო დგას დიდი გამოწვევის წინაშე, რომელიც არ დამდგარა მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ. ეს ურთულესი გამოწვევაა, ამიტომ ამ გამოწვევას გონივრული მართვა სჭირდება. ჩვენ პირველი დღეებიდან სწორი პოლიტიკა დავიჭირეთ და ვახორციელებთ. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა. სწორედ ამ მთავარი იდეით ვმოქმედებთ. ჩვენ რა თქმა უნდა, შეშფოთებულები ვართ ამ ომით. კიდევ ერთხელ მინდა ჩემი მხარდაჭერა დავუდასტურო უკრაინელ ხალხს, ვუსურვო მათ მშვიდობა, ამ ომის სწრაფად დასრულება. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მხარადჭერას უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.