აშშ-ის ადმინისტრაციამ იმაზე უფრო მკაცრად გააკრიტიკა საკუთარი ბიუჯეტიდან დახარჯული ფული საგარეო დახმარების ქოლგის ქვეშ, ვიდრე ჩვენ ოდესმე გაგვიკრიტიკებია, გაამჟღავნა სქემები, რომლებსაც უწოდებენ თაღლითურს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სხვა ქვეყნების საელჩოების, თუ დონორების მხრიდან საგარეო დახმარებასთან დაკავშირებით დუმილი მიუღებელია.
„უცხოური დახმარების სამყარო უკვე ისეთი აღარ არის, როგორიც იყო ორი კვირის წინ. ის მხილებები, რომლებსაც ვისმენთ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისგან, თავდაყირა აყენებს იმ წარმოდგენებს, რომლებიც შესაძლოა, არსებობდა ზოგიერთი ადამიანის თვალში საგარეო დახმარებასთან დაკავშირებით. აშშ-ის ადმინისტრაციამ იმაზე უფრო მკაცრად, იმაზე უფრო ცხადად და მკაფიოდ გააკრიტიკა საკუთარივე ბიუჯეტიდან დახარჯული ფული საგარეო დახმარების ქოლგის ქვეშ, ვიდრე ჩვენ ოდესმე გაგვიკრიტიკებია. ფაქტობრივად, გაამჟღავნა სქემები, რომლებსაც ისინი უწოდებენ თაღლითურს, კრიმინალურს, მავნებლურს. თავად ტრამპის აღმასრულებელ განკარგულებაში გადახედვის საფუძვლად იყო მოცმეული, რომ სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციისთვის გამოიყენებოდა ეს თანხები. ამის ფონზე დღეს უკვე ყველა დონორი ქვეყანა არის ეჭვმიტანილი. შეუძლებელია, რომ ეს ყოფილიყო მხოლოდ აშშ-ის ბიუჯეტის ხაზით დახარჯულ ფულზე. რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნები, რომლებიც არიან ჩართული, უკვე გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ აქაც შესაძლოა, ყოფილიყო ზუსტად ისეთივე მავნე მიზნები, რომლებიც გაცხადდა აშშ-ის ბიუჯეტიდან დახარჯულ თანხასთან დაკავშირებით. ამიტომ მიუღებელია ის დუმილი, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ სხვა საელჩოების, თუ დონორების მხრიდან, მცდელობას, რომ არცკი შეიმჩნიონ, თითქოს არაფერი არ მომხდარა ამ ქვეყანაზე საგარეო დახმარებასთან დაკავშირებით.
არა, კიდევ ერთხელ ვამბობ, სამყარო შეიცვალა, აღარ არის უკვე ის ტაბუ, რომელიც აქამდე იყო დადებული საგარეო დახმარებაზე. ამიტომ თითოეული დონორი ქვეყანა ახლა არის ეჭვმიტანილი და მათ აქვთ მტკიცების ტვირთი, რომ გამჭვირვალობით და საჯაროობით, მათ შორის ქართველ ხალხს აჩვენონ, რაში იხარჯებოდა მათ მიერ გამოყოფილი თანხები. მით უმეტეს, რომ ჩვენ არათუ ეჭვი, არამედ გვაქვს მტკიცებულებები, რომ ამერიკული ფონდების გარდა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, თუ ევროპული ფონდებიც იხარჯებოდა დესტაბილიზაციისთვის საქართველოში.
„ევროპის დემოკრატიის ფონდი“ არის ამასთან დაკავშირებით ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი. ფონდი, რომელიც სპეცსამსახურების მეთოდით, იატაკ ქვეშ აფინანსებს რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებს, თუ რადიკალურ ჯგუფებს. ამასთან დაკავშირებით არაერთი მაგალითი მოგვიყვანია. იცით, რომ ამაზე დავწერე და საჯაროდაც ვთქვი, ევროკავშირის ელჩისთვისაც მქონდა მიმართული წერილობით, რომ გაესაჯაროებინათ EED-ის დაფინანსება, თუმცა ამაზე მივიღე უარი რამდენიმეთვიანი ფიქრის შემდეგ. არ ვიცი, თუ არ მიუწვდებოდათ, მაშინ სამი თვე ფიქრი რაში სჭირდებოდათ. როგორც ჩანს, ათანხმებდნენ ამას სხვადასხვა წრეში და ბოლოს გადაწყდა, რომ ქართველი ხალხისთვის არაფერი ეთქვათ. ამიტომ კიდევ ერთხელ, ჩემი მოლოდინია, რომ ყველა დონორი ორგანიზაცია, თუ სახელმწიფო, იქნება ეს შვედეთი, ნიდერლანდები, დანია, ევროკავშირი თავად, ნებისმიერი სხვა ქვეყანა, რომელიც საქართველოში ხარჯავს თავის ფულს, ახლა მოიქცევა ისე, როგორ მაგალითსაც იძლევა აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე განცხადებით, „ენჯეოები“ ააჯანყეს გამჭვირვალობის კანონისა და რეესტრის წინააღმდეგ, რადგან დაეფარათ ის, რაც დღეს აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ ამხილა
„რატომ ააჯანყეს „ენჯეოები“ ამ კანონის და რეესტრის წინააღმდეგ, რომ დაეფარათ ის, რაც დღეს აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ ამხილა. წარმოგიდგენიათ, რა დონის კორუფცია, მავნებლობა, გაფლანგვა გამოვლინდა სულ რამდენიმე დღეში, რაც ჩაიხედეს პროექტებში, ფინანსებში, შინაარსობრივ თუ ფინანსურ ნაწილში. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გამჟღავნება არ უნდოდათ, რომ საქართველოში არ გვენახა, თუ რა სქემებთან გვქონდა საქმე. შესაბამისად, ერთის მხრივ გაეცა პასუხი კითხვას, რატომ ააჯანყეს დონორებმა „ენჯეოები“ და რატომ არ სურთ დონორებს, რომ გაასაჯაროონ თავისი ფული, რადგან გამოჩნდება ზუსტად ის, რაც ჩვენ დავინახეთ შეერთებულ შტატებში. სხვა დონორებიც ეჭვმიტანილი არიან უკვე ამ ფაქტებიდან გამომდინარე. ბუნებრივად, ავტომატურად არიან ეჭვმიტანილები, ამიტომ მტკიცების ტვირთი მათ მხარეს არის, მათ უნდა უმტკიცონ ქართველ ხალხს, რომ იგივე მავნე მიზნებისთვის არ იხარჯებოდა ფული, რასაც ჩვენ ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის განცხადებაში“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, თავად არასამთავრობო ორგანიზაციებიც კი არაფერს ამბობენ აშშ-ის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
„გამჭვირვალობის კანონს როდესაც ვიღებდით, როცა აგვიჯანყეს „ენჯეოები“ და, ასე ვთქვათ, ამ კანონს ებრძოდნენ, გახსოვთ, მაშინ „ენჯეოები“ ამბობდნენ, რომ კანონი მათ დახურვას გამოიწვევს და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი, რასაც კანონი ითხოვდა, არის გამჭვირვალობა, დოკუმეტების გასაჯაროება, მეტი არაფერი, ისინი ამბობდნენ, რომ გამოიწვევს დახურვას. ახლა, როცა მათი დონორი მათ მართლა ხურავს, ამის სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით, სად არის მათი პროტესტი, მათი აღტკინება, სად არის მათი განცხადებები? არსად. მეორე – ამ გრანტებით თუ ასეთი კარგი საქმეები კეთდებოდა ამა თუ იმ ქვეყანაში, რატომ არ გამოჩნდა ერთი ბენეფიციარი, ერთი ორგანიზაცია, მათ შორის მსოფლიო მედიას თუ შევხედავთ, რატომ არ გამოჩნდა ერთი ხელისუფლება ამ პლანეტაზე, რომელიც იტყოდა, რატომ აკეთებს ამას აშშ, იქნებ დარჩეს „იუესაიდი“, იქნებ კვლავ გაგრძელდეს პროექტებიო. რატომ არავის წყდება გული, არცერთ ხელისუფლებას დედამიწაზე? ხომ ადევნებთ თვალყურს? გინახავთ რომელიმე ხელისუფლების გულდაწყვეტილი განცხადება, დასანანია, რომ წყდება ეს დაფინანსება და რაღაც კატასტროფა მოხდებაო? სად არიან ბენეფიციარები, სად არიან ორგანიზაციები, თავად „ენჯეობიც“ კი არ ჩივიან, ისე გამოდის მათი ამბავი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ზოგიერთი ქვეყნის ელჩს თავისი თავი წარმოდგენილი ჰყავდა, როგორც ინსტრუქტორი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებისთვის ინსტრუქცია უნდა მიეცა.