ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, 51 პროცენტის მფლობელი სახელმწიფო იქნება - პრემიერი

12 დეკემბერი 2022, 14:05 844 ნახვა

ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51 პროცენტის მფლობელი სახელმწიფო იქნება, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პარტნიორი კომპანიების შესარჩევად გამოცხადდება საერთაშორისო კონკურსი.

„ჩვენი გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51 პროცენტის მფლობელი იქნება სახელმწიფო. დანარჩენზე ჩვენ გამოვაცხადებთ საერთაშორისო კონკურსს და შევარჩევთ პარტნიორ კომპანიებს. ეს პროექტი არის მიტოვებული, ადგილი არის გაპარტახებული. კარგად მოგეხსენებათ, ახლა რაც ხდება ანაკლიაში. მტვრის ბუდედ გადააქციეს ადგილი. ამიტომ, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ სასწრაფოდ უნდა შევარჩიოთ საერთაშორისო პარტნიორი კომპანიები და ჩვენც უნდა დავიწყოთ ინვესტირება ამ პროექტში. ეს პროექტი განხორციელდება ჩვენი თანამონაწილეობით. სახელმწიფო განახორციელებს ამ პროექტს, უცხო თუ სხვა კომპანიებთან ერთად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, მამუკა ხაზარაძემ ხუთ წელში ვერ შეასრულა ვერც ერთი ვალდებულება, ანაკლიის პორტი არ ააშენა და დღეს ქვეყანას, ხალხს ედავება მილიარდ ხუთას მილიონს, ეს არის ძარცვის კლასკური სქემა.

„ყველას კარგად მოეხსენება, ჯერ კიდევ 2016 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ანაკლიის პორტი აშენებულიყო. მანამდე, ჯერ კიდევ ჩემი პირველი პრემიერობის დროს, ამ საკითხზე ღიად ვსაუბრობდით ყველა ტრიბუნაზე, ყველა პლატფორმას ვიყენებდით ამისთვის, მათ შორის გაერო-ს ტრიბუნიდანაც განვაცხადეთ, რომ ჩვენი გაცხადებული ინტერესი, პრიორიტეტი არის ამ პორტის აშენება. 2016 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, შერჩეულ იქნა ინვესტორი. მოგეხსენებათ ყველას, ვინ არის ეს ე.წ. ინვესტორი, რომელმაც ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება, ანუ ეს პორტი არ ააშენა.

ამ ვალდებულების მიხედვით, ჩვენ, თუ არ ვცდები, პირველი გემები უნდა მიგვეღო 2020 წელს. რამდენჯერმე გადაუწია მთავრობამ ვალდებულება – სამჯერ, ოთხჯერ. მიუხედავად ამისა, ინვესტორმა მაინც ვერ შეძლო ინვესტიციების მოზიდვა. ჩემი ინფორმაციით, თავად ბატონ ხაზარაძეს და მის პარტნიორ ჯაფარიძეს სამი მილიონი დოლარი აქვთ დახარჯული, დანარჩენი თანხები მოზიდული აქვთ ინვესტორებისგან, დაახლოებით 20-25 მილიონი. სანაცვლოდ, მთავრობისგან ითხოვდა ტვირთების გარანტიას, მიწა ჩვენი იყო და უნდა გადაგვეცა, გადავეცით კიდეც, გზების, რკინიგზის მიყვანას, ასეულობით მილიონი დაეხარჯა მთავრობას და სანაცვლოდ არაფერი არ უნდა მიეღო. ანუ, რეალურად, ეს იყო საჩუქარი ბატონი ხაზარაძისთვის. მას შემდეგ, რაც 4-5 წლის შემდეგ ჩააგდო პროექტი და ვერ განახორციელა, ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, გაძარცვონ ჩვენი ქვეყანა და რატომ? უჩივლეს ქვეყანას, არბიტრაჟში წაიღეს საქმე და დღეს ედავებიან მილიარდ ხუთას მილიონ დოლარს. წარმოგიდგენიათ, რა ხდება? ადამიანმა ხუთ წელში ვერ შეასრულა ვერც ერთი ვალდებულება, ჩააგდო პროექტი, პორტი არ ააშენა და დღეს ქვეყანას და ჩვენს ხალხს ედავება მილიარდ ხუთას მილიონს, ეს არის ძარცვის კლასკური სქემა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ არავითარი რეალური, გულწრფელი, კეთილსინდისიერი მიზანი და ზრახვა ამ პორტის აშენების მიღმა არ იდგა, ეს იყო ჩვეულებრივი გამდიდრების და ძარცვის იდეა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში