გენერალური კონსული: „თურქეთის უსაფრთხოება ნიშნავს მოკავშირე და მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოებას“

14 ოქტომბერი 2019, 18:09 355 ნახვა

“ჩვენ ველოდებით მეზობლებისა და პარტნიორებისგან მხარდაჭერას“ - თურქეთის გენერალურმა კონსულმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში რამდენჯერმე აღნიშნა, რომ პარტნიორებისგან  დადებით შეფასებას ელიან. მისი განცხადებით,  მეტი ინფორმირებისთვის სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის მიზნებთან დაკავშირებით, ისინი ამ ქვეყნებთან აქტიურად საუბრობენ.

თურქეთ-საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების საკითხზე საუბრისას კონსულმა, თქვა, რომ მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, ამისთვის კი, შესაბამისი ზომები უკვე გატარებულია. მაქბულე ქოჩაკმა ამ კონტექსტში საუბრისას ბულგარეთის მაგალითი დაასახელა, მისი თქმით, ბულგარეთმა  ევროკავშირის პოზიცია არ გაიზიარა და თურქეთის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.

სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, გააქტიურდა საუბარი თურქეთისთვის, შესაძლო, ეკონომიკური სანქციების დაკისრებაზე.  გენერალური კონსული ამბობს, რომ  ჯერჯერობით ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თუმცა თუკი ეს მოხდება რომელიმე მხრიდან, ევროკავშირიდან თუ ამერიკიდან უსამართლო იქნება. კონსულის განცხადებით, თურქეთი ამ ოპერაციით იცავს საკუთარ და მოკავშირეების უსაფრთხოებას. 

მაქბულე ქოჩაკის თქმით, თურქეთმა ყველაზე მეტი ლტოლვილი, 3 მილიონ ნახევარი სირიელი შეიფარა და  ამ დრომდე ჰუმანიტარულ დახმარებას გასცემს.  

თურქეთის გენერალურმა კონსულმა სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ამოცანებზეც ისუაბრა. გამოყო რამდენიმე მიზანი, მათ შორის დაასახელა ტერორისტულ ჯგუფებთან ბრძოლა და თავიანთ სახლებში სირიელების დაბრუნება, სირიის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა. მაქბულე ქოჩაკი ამბობს, რომ ეს არ არის ქურთების წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია, მას თავდაცვითი მიზნები აქვს.

​მაქბულე ქოჩაკს სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით კითხვებით ''მთავარმა'' ორი დღის წინ მიმართა. გენერალურმა კონსულმა ამ თემაზე კომენტარი მედიასთან პირველად გააკეთა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში