„პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მოქალაქეობის მინიჭება გამჭვირვალედ უნდა ხდებოდეს“ - გიორგი აბაშიშვილი

12 ოქტომბერი 2017, 00:00 2570 ნახვა

„პრეზიდენტს მიაჩნდა და მიაჩნია, რომ საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭება უნდა ხდებოდეს უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ და მასში ჩართული უნდა იყვნენ საზოგადოების წარმომადგენლები. დღეს გამოჩნდა, რომ მეტი საჯაროობისკენ გადადგმულმა ნაბიჯებმა ცალკეულ პიროვნებებს მნიშვნელოვანი დისკომფორტი შეუქმნა“ - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმადაც, სამინისტროს დადებითი რეკომენდაციის მიუხედავად, გიორგი მარგველაშვილი  გარკვეული პირებისთვის მოქალაქეობის მინიჭებას აფერხებს.

"მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბერს დავაფიქსირე საქართველოს პრეზიდენტის ინიციტივა, რომ გაზრდილი მოთხოვნიდან და იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებული იყო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმთან, დახვეწილიყო მიდგომები საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე. თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური კონსულტაციები აღნიშნული საკითხის მოწესრიგებასთან დაკავშირებით შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის იუსტიციის სამინისტროსთან. დღეს გამოჩნდა, რომ მეტი საჯაროოებისკენ გადადგმულმა ნაბიჯებმა ცალკეულ პიროვნებებს მნიშვნელოვანი დისკომფორტი შეუქმნა. მაშინ როცა პროცესი დასრულებისკენ მიდიოდა, ჩვენ მივიღეთ წერილი იუსტიციის სამინისტროსგან, სადაც საუბარია, რომ ამ საჯაროობისკენ გადადგმული ნაბიჯებით, ვციტირებ: “საქართველოს პრეზიდენტი უხეშად არღვევს კანონს” და ამის შემდგომ იუსტიციის სამინისტრო მოკლებული იქნება ყოველგვარ შესაძლებლობას გავლენა იქონიოს გადაწყვეტილებებზე, რაც დაკავშირებულია მოქალაქეობის მინიჭებასთან. საუბარია იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც არის პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების პროცესი აუცილებლად გახდება უპრეცედენტოდ გამჭვირვალე, აღნიშნული საკითხი უახლოეს დღეებში შესაბამის სამართლებრივ აქტში აისახება.  

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში