Welcome To The Other Side

31 იანვარი 2021, 15:57 2691 ნახვა

Welcome To The Other Side

 

Welcome To The Other Side” - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სხვა განზომილებაში... ასე ეწოდება 2021-ის პირველ წუთებზე ჩატარებულ ვირტუალურ კონცერტს. მისი ოფიციალური აუდიო ვერსია რამდენიმე დღის წინ გამოვიდა. ავტორი ფრანგი კომპოზიტორი, მულტიინსტრუმენტალისტი, ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი პიონერი, არაერთი გრანდიოზული და არაორდინალური მუსიკალური წარმოდგენის დამდგმელი ჟან მიშელ ჟარია. ეს ღონისძიება იუნესკოსთან და პარიზის მერიასთან ურთიერთთანამშრომლობით შედგა. ახალი წლის ღამით 72 წლის ჟარმა საკუთარი მუსიკა თავისივე სტუდიაში ცოცხლად შეასრულა, ხოლო ჟან-მიშელის ავატარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ინტერიერში პროეცირდებოდა, რამაც კონცერტის ნოტრ-დამ დე პარის კედლებში ჩატარების შთაბეჭდილება შექმნა. შოუ პირდაპირი ეთერი გადაიცემოდა და მისი ხილვა უსასყიდლოდ იყო შესაძლებელი, VR პლატფორმებსა და მუსიკოსის სოციალურ ქსელებში. სხვათაშორის, მისი ნახვა FM ფანტაზიების ფეისბუქ-გვერდზეც შეგიძლიათ. ეს, 45 წუთიანი კონცერტი, ძირითადად, გრემის ნომინანტი ალბომის „ელექტრონიკას“კომპოზიციებისა და ძველ კლასიკურ «Oxygène-ნსა» და «Equinoxe-სში»  შესული ნაწარმოებების გადამუშავებული ვერსიებისგან შედგება. „ვირტუალური რეალობა საშემსრულებლო ხელოვნებისთვის იგივეა, რაც თავის დროზე თეატრისთვის იყო კინო, არსებობის პირველ ეტაპზე - ანუ თავისებური „ცნობისმოყვარეობა“ - ამბობს ჟარი. „მჯერა, რომ ვირტუალური რეალობა ხვალ, თვითგამოხატვის ახალი საშუალება იქნება“. უნიკალური მუსიკოსის, ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოების საერთაშორისო კონფედერაციის პრეზიდენტის ჟან მიშელ ჟარის შესახებ უფრო მეტს და უფრო ვრცლად „FM ფანტაზიების“ მომდევნო გადაცემებში ვისაუბრებთ, ახლა კი სპეციალურ ეთერში, რუბრიკაში „რელიზი“ ამ ელექტორნული მუსიკის ამ სიახლეს გთავაზობთ.