„საუკეთესო ჯაზ-ინსტრუმენტული ალბომი“

23 ივნისი 2023, 12:49 2283 ნახვა

„საუკეთესო ჯაზ-ინსტრუმენტული ალბომი“

„საუკეთესო ჯაზ-ინსტრუმენტული ალბომის“ ფავორიტს წარმოგიდგენთ - „New Standards Vol. 1“. პროექტის ავტორია თანამედროვეობის შესანიშნავი დრამერი, გრემის მრავალგზის გამარჯვებული ტერი ლინ ქერინგტონი, იგი მუდმივადაა კრიტიკოსების მიერ შედგენილ სხვადასხვა რეიტინგებში, ბოლო წლებია ჯაზ-ჟურნალისტთა ასოციაცია მას დასარტყამი ინსტრუმენტების კატეგორიაში საუკეთესოდ აცხადებს. ბუნებრივია, ამ კალიბრის მუსიკოსის ახალი ნამუშევარი, უბრალოდ განწირულია როგორც ჯაზის მოყვარულთა, ისე კრიტიკოსთა მხრიდან გაზრდილი ყურადღებისთვის. ფაქტია, რომ ტერი ლინი წარმატებით ჯდება ახალ ტენდენციებში, რომელსაც შეუძლებელია ჯაზზე გავლენა არ მოეხდინა. კერინგტონი ჯაზში გენდერული თანასწორობის აღიარებული მომხრეა. 2018 წელს მსოფლიოში ცნობილ ბოსტონის კოლეჯში მან დააარსა სპეციალური ცენტრი - „ბერკლის ინსტიტუტი ჯაზისა და გენდერული სამართლიანობისთვის“, რომელიც იბრძვის იმისთვის, რომ ჯაზში ქალებისა და სხვადასხვა უმცირესობების წარმომადგენელთა ხმა რაც შეიძლება ხმამაღლა და ხშირად ისმოდეს. აქტივისტი აღშფოთებულა იმით, რომ მუსიკალური ნოტების სტანდარტულ კრებულში, რომელიც ჯაზის სტუდენტებისთვის ბიბლიად ითვლება, მხოლოდ ერთი ქალის სახელია მოხსენიებული. ტერი ლინმა შეადგინა ქალების მიერ დაწერილი ნამუშევრების ალტერნატიული კოლექცია სახელწოდებით „ახალი სტანდარტები“. მასში შედის 101 კომპოზიცია და ამ წიგნისთვის დანართის სახით ტერი ლინი აპირებს ყველა კომპოზიციის ჩაწერას და ალბომის სახით გამოცემას. დაიწყო New Standards, Vol. 1-ით, რომელშიც სხვადასხვა ჯაზ-დივების ნაწარმოებებია თავმოყრილი. მათ შესასრულებლად კი შეკრიბა შთამბეჭდავი კვინტეტი, ნიკოლას პეიტონი (საყვირი), ლინდა მეი ჰენო (კონტრაბასი), კრის დეივისი (ფორტეპიანო) ან მეთიუ სტივენსი (გიტარა). პროექტში სტუმრად მიიწვიეს სხვადასხვა თაობის კაშკაშა მუსიკოსებიც.