სოსო გოგაშვილი დაკავებულია 

16 ივლისი 2022, 18:06 992 ნახვა

სპეცოპერაციიდან დაახლოებით 15 საათის შემდეგ სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორი გადაიყვანეს. 

რამდენიმე საათიანი საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ პირველი განცხადება მედიასთან გოგაშვილის ცოლმა გააკეთა. თეა მარტყოფლიშვილის თქმით,  მისი მეუღლე  3 მუხლით არის დაკავებული, მათგან ორი 236-ე მუხლი და 157-ე მუხლის მე-4 ნაწილია. 

236-ე მუხლი ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას გულისხმობს, 157-ე მუხლი კი - პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას. 

გოგაშვილის ცოლი ირწმუნება, რომ მის ქმარს იარაღი ჩაუდეს და რომ ეს საკუთარი თვალით დაინახა.

რაც შეეხება ოფიციალური უწყების პოზიციას, სუსში განმარტავენ, რომ  მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა ჩხრეკის ოპერაცია მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე და არა ახალ საქმეზე. ჩხრეკის შედეგად  კი გარდაუვალი გახდა მისი დაკავება. 

ოჯახის წევრები გოგაშვილის დაკავებას უკავშირებენ  ბოლო დროს მის  განცხადებებს, მათ შორის  სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც გოგაშვილი საუბრობს იმაზე, რომ აქვს მტკიცებულებები, თუ როგორ გაყალბდა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები,  და რომ ეს მტკიცებულებები  მან მედიას და დიპლომატიურ კორპუსებს გადასცა. 

ასევე წერდა, რომ სხვა უკანონობის ფაქტებსაც გამოაქვეყნებდა.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი