აჭარის მთავრობა მოქალაქეებს, რომლებსაც 26 მაისის ქუჩაზე სახლის ჩამონგრევის შედეგად ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაუზიანდათ, სარეზერვო ფონდიდან დაეხმარება.
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, დაზარალებული მოქალაქეების კომპენსირებისთვის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან 50 ათასი ლარი გამოიყოფა.
26 მაისის ქუჩაზე უბედური შემთხვევა 2021 წლის 8 ოქტომბერს მოხდა. საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა.
გარდა ამისა, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დახმარება გაეწევა ოჯახებს, რომლებიც ხანძრის და ხანძრის ჩაქრობის მიზნით გამოყენებული წყლის ჭავლის შედეგად დაზარალდნენ. მთავრობის გადაწყვეტილებით 10 ოჯახს 97 835 ლარის დახმარება გაეწევა.
ფოტო: არქივი