სტამბოლში ძლიერი წყალდიდობის შედეგად დატბორილია ათობით საცხოვრებელი სახლი, მაღაზია, ფაბრიკები, მეჩეთი, ბაზარი. ქალაქის ერთდროულად 18 რაიონში კოკისპირული წვიმის შედეგად წყლით დაიფარა 134 საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები, დატბორილი სახლებიდან 91 ადამიანი დროებით სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებში განათავსეს.
სტამბოლში მთელი ღამის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა. ტროტუარები მდინარეებად გადაიქცა, ავტომობილები მთლიანად წყლით დაიფარა. ქალაქში სატრანსპორტო მოძრაობა პარალიზებულია.
დატბორილ ტერიტორიებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელშიც ჩართულები არიან მაშველები, კომუნალური სამსახურების თანამშრომლები, წითელი ნახევარმთვარის წარმომადგენლები.
სტიქიის შედეგად დაშავებულ მოსახლეობას სახელმწიფო ფინანსურ დახმარებას უწევს.