ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. დღეს აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ. სულ ქვეყნის მასშტაბით 22 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. გამოცდაზე რეგისტრაცია, 08:00 საათზე, ყველა საგამოცდო ცენტრში ერთდროულად დაიწყო.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 94%-ზე მეტი გამოსაცდელი, დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა.
მეორე სესიისთვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
„დღეს, 4 ივლისს ჩვენს ქვეყანაში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ჩვენთვის ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ამაღელვებელია, რადგან დღეს აბიტურიენტებისთვის ცხოვრების ახალი, მეტად საპასუხისმგებლო ეტაპი იწყება.
მსურს, გულითადი მადლობა გადავუხადო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს და ყველა იმ უწყების წარმომადგენლებს, რომლებიც ჩართულნი არიან გამოცდების ორგანიზების პროცესში. სწორედ თქვენი დამსახურებაა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცდებისთვის მშვიდი, კომფორტული და აკადემიური გარემოა უზრუნველყოფილი, რაც თითოეულ გამოსაცდელს თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის შესაძლებლობას აძლევს.
მინდა, წარმატებები ვუსურვო თითოეულ აბიტურიენტს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლობისა და პედაგოგის სტატუსის ამაღლების მსურველებს!
თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და მჯერა, თქვენი პროფესიონალიზმით არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!“, – აღნიშნულია მინისტრის მიმართვაში.
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივლისს საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდება. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 22 საგამოცდო ცენტრი, რომლებიც დარეგისტრირებულ 90 000-მდე გამოსაცდელს მიიღებს.