შესაძლოა, მიმდინარე წლის ზაფხულში, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა პანდემიამდელ მონაცემებს გადააჭარბოს - ლევან დავითაშვილი

27 ივნისი 2022, 12:35 623 ნახვა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, შესაძლოა, საქართველოში ტურიზმის სექტორიდან მიღებულმა შემოსავალმა პანდემიამდელ, 2019 წლის ზაფხულის თვეების მაჩვენებელს გადააჭარბოს.

„ეკონომიკური ზრდის დადებითი დინამიკა შემდეგ თვეებშიც უნდა შევინარჩუნოთ. მაისის თვეში, ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელი თითქმის 96%-იანი იყო. ზაფხულის თვეებში - ივნისში, ივლისსა და აგვისტოში ჩვენ ველოდებით, რომ ტურიზმიდან შემოსავლების კუთხით, 2019 წელის მონაცემებს უნდა გადავაჭარბოთ. შესაბამისად, ეს იქნება მყარი საფუძველი იმისთვის, რომ ძლიერი ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ. სხვა მიმართულებითაც, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეკონომიკაში დადებითი ტენდენციები შენარჩუნდება.

ჩვენთვის მთავარი მაღალი ეკონომიკური ზრდაა და ეს ზრდა მხოლოდ ერთი წელი არ უნდა გვქონდეს, არამედ სტაბილურად, რამდენიმე წლის განმავლობაში უზრუნველვყოთ ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ამ გაჭირვებული ქვეყნის ტრანსფორმაციას სჭირდება დრო და ამიტომ გვჭირდება ამ ეკონომიკური ზრდის სტაბილურად შენარჩუნება.

„იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქემ იგრძნოს ეს კონკრეტული ეკონომიკური შედეგები და პროგრესი, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს არა ერთი თვე, ერთი წელი, არამედ რამდენიმე წელი, რომ ეს გადაითარგმნოს კეთილდღეობაში ჩვენი ოჯახების და მთავარი ამოცანაც ეს არის. ეს გაზომილი შედეგებია, რიცხვებია, რომლის მიმართაც კითხვები არ ისმის, რადგან საქსტატის აღიარებული მეთოდოლოგიითაა დადასტურებული. თუმცა, ის რომ ჩვენ რეალურად შევიგრძნოთ ამ გაჭირვებული ქვეყნის ტრანსფორმაციას სჭირდება დრო და ამიტომ გვჭირდება სტაბილურად ამ ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება“, - განაცხადა დავითაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში