„თბილისი პრაიდი“, რომელმაც, უსაფრთხოების მიზნებით, წელს უარი თქვა ღირსების მარშის ჩატარებაზე, მოითხოვს, რომ მთავრობამ უზრუნველყოს უსაფრთხოების ზომები მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარებისას, ასევე დაისაჯონ 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები.
"თბილისი პრაიდი" აცხადებს, რომ წელს, „საზოგადოების პოლარიზაციისა და განსაკუთრებით, ევროინტეგრაციის პროცესში დაძაბულობის კერების თავიდან არიდების მიზნით“, „შეგნებულად და გააზრებულად“ მიიღეს გადაწყვეტილება, არ ჩაატარონ „ღირსების მარში“; თუმცა „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული კონსერვატიული პარტიის მხრიდან კვლავ ისმენენ ძალადობის მუქარას დახურულ ფორმატში გასამართი ღონისძიებების ჩასაშლელად.
„თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ დაცვის დაპირება მიიღეს შს სამინისტროსგან და უახლოეს მომავალში მოელიან უწყების საჯარო განცხადებასაც.