გახსოვთ მე პარლამენტში ვთქვი, რომ ეს უპასუხისმგებლო, მავნებელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დადიან ევროპარლამენტში და ათას სისულელეს ავრცელებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა ჩვენ ვიხილეთ მორიგი მტკიცებულება ამ უპასუხისმგებლო, სამარცხვინო რეზოლუციის მიღებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„რამდენიმე დღის წინ, მიიღეს ევროპარლამენტში რეზოლუცია. რეზოლუციის მთავარი ინიციატორი იყო ევროპის სახალხო პარტია. ვინ არის ეს პარტია ჩვენ კარგად ვიცით, მაგრამ მთავარი არის ის, რომ შევახსენოთ ჩვენ მოქალაქეებს - ამ პარტიის შვილობილი პარტია და მათი მთავარი მოკავშირე არის „ნაციონალური მოძრაობა“.
გახსოვთ პარლამენტში ვთქვი, რომ ეს უპასუხისმგებლო, მავნებელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დადიან ევროპარლამენტში და ათას სისულელეს ავრცელებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიხილეთ მორიგი მტკიცებულება ამ უპასუხისმგებლო, სამარცხვინო რეზოლუციის მიღებით. ეს პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რაც მე ვთქვი და რაც ჩვენი გუნდის წევრებმა არაერთხელ გაიმეორეს. გახსოვთ, როცა უვიზო რეჟიმზე ვმუშაობდით, პირდაპირ ეხვეწებოდნენ, მუხლის ჩოქით დადიოდნენ ევროპაში, რომ არ მიეცათ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი. ის საშინელებები რაც ჩაწერეს რეზოლუციაში, სამარცხვინო ბრალდებები, არის ამათი მიწოდებული, ე.წ. ფაქტები და მტკიცებულებები. რა გამოდის, თუ ამ ადამიანებს, გული შესტკივათ ჩვენი ქვეყნის მომავალზე, მაშინ რატომ არ მოუწოდეს თავის პარტიას, რატომ არ გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ ასეთი სამარცხვინო, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული რეზოლუცია არ მიეღოთ ევროპარლამენტში. ჩვენ კითხვები არ გვაქვს. კარგად გვესმის ეს რას ემსახურებოდა.
ახლა, როცა ქაოსის შექმნით და ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაცია ვერ შეძლეს, ომში ჩართვა ვერ შეძლეს ქვეყნის, ახლა ცდილობენ ასეთი მავნებლობით და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით დააზიანონ მთავარი - ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუციას ის აპროტესტებს.
"ევროპარლამენტის რეზოლუციას მე ვაპროტესტებ - აკლდა მეგის ქარდავა, მთავარი ჯალათი, სააკაშვილის სახე, რომელიც აწამებდა ჩვენს მოქალაქეებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მთელი თავისი სატელიტებით, ეს მეხუთე კოლონა 24 საათის განმავლობაში ებრძვის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, სახელმწიფოებრიობას.
„უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა თქვა, რომ მათი სურვილი იყო, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, აქვე დაამატა, რომ არამარტო ჩვენი ქალები და ბავშვები უნდა იღუპებოდნენ, ეს ომი სხვაგანაც უნდა გადავიდესო, საქართველოში უნდა გადმოსულიყო, მათი გეგმის მიხედვით. გავიხსენოთ, ვინ იყო ამ კამპანიაში ჩართული, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ მთელი თავისი სატელიტებით, ეს მეხუთე კოლონა, რომელიც 24 საათის განმავლობაში ებრძვის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, სახელმწიფოებრიობას. გახსოვთ ალბათ მათი კოორდინირებული მოქმედებები, დაწყებული მას შემდეგ, რაც მე გავაკეთე ცნობილი განცხადებები ომის დაწყებიდან მალე, რომელიც სხვათა შორის ამერიკის ლიდერით დაწყებული, ევროპელმა ლიდერებმა, ყველამ თითქმის ანალოგიური განაცხადეს. აქ ჩვენ აცდენა არ გვაქვს არც მოლოდინებთან, არც პროგნოზებთან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.