დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვინც 1980 წლამდეა დაბადებული, „მაიმუნის ყვავილი“ მათთვის საშიშროებას არ წარმოადგენს - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
მისივე თქმით, ისინი ვაქცინირებულები არიან ამ ვირუსის წინააღმდეგ „ყვავილის ვაქცინით“.
ჩხაიძის განმარტებით, „მაიმუნის ყვავილის“ წინააღმდეგ მიმართული სპეციფიკური მედიკამენტი არ არსებობს.
„ორი პრობლემა, რომელიც აქცენტირებული იყო ბოლო 2 კვირა - დაუდგენელი წარმოშობის ჰეპატიტები ბავშვებში და „მაიმუნის ყვავილი“ მოზრდილებში, აუცილებლად საჭიროებს შესაბამის ლაბორატორიულ დადასტურებას.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მზად არის და ალბათ, უახლოეს პერიოდში შესაძლებლობა გვექნება მიზანმიმართულად ვისაუბროთ იმ ტესტზე, რომელიც აღმოაჩენს „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსს. ასევე სრული მზადყოფნაა ჰეპატიტის საეჭვო შემთხვევები იდენტიფიცირებული იყოს“,- აღნიშნავს ჩხაიძე.
ივანე ჩხაიძის განმარტებით, ვირუსს არ გააჩნია გავრცელების თუნდაც ისეთივე რესურსი, როგორც კორონავირუსს. ამიტომ ჯანმო არ განიხილავს მას, როგორც საზოგადოებრივ ჯანმრთელობისთვის საფრთხედ.
მისივე განმარტებით, დაავადება გადაიცემა მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტის შედეგად.